გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვალეში ფერმერი გაქურდეს

8-06-2019

ვალეში, რამდენიმე დღის წინ, ფერმერ გელა ნადირაძეს მოზვერი მოჰპარეს. მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. მეზობელი ფერმის მეპატრონე კი ამბობს, რომ ქურდობის შემდეგ, მის ფერმაში ტომრით უცხო პირუტყვის ძვლები აღმოაჩინა.


შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ვალეში, ე.წ. სასიროების ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივების ფერმები და დამუშავებული მიწის ნაკვეთებია, გელა ნადირაძის ფერმიდან ერთი მოზვერი მოიპარეს.


როგორც ნადირაძე ამბობს, შემთხვევა ღამით მოხდა. ფერმას დაცვა არ ჰყავდა. მოპარული მოზვერი კი ცალკე, მიშენებულ ოთახში იყო დაბმული.


„დილით ჩემი მწყემსი მივიდა პირველი და დაინახა, რომ მოზვერი აღარ იყო. მერე მეც მივედი და მალევე პოლიცია გამოვიძახეთ. არ ვიცი, რანაირად მოხდა“, – ამბობს ნადირაძე.


მალევე მეზობელ, მანველიშვილების ფერმაში მწყემსმა ტომრით უცხო ძვლები ნახა და მეპატრონეს შეატყობინა.


„არ ვიცი, ის ძვლები რისია და, საერთოდ, რანაირად აღმოჩნდა ჩემს ფერმაში. არც მე ვიცი და არც ჩემმა მწყემსმა, ვინ მოიტანა ის მეშოკი. თან რამდენიმე ძვალი ჩემს ძაღლებთან ეგდო“, – ამბობს მეზობელი ფერმის მეპატრონე, გოჩა მანველიშვილი.


გელა ნადირაძემ ნაპოვნ ძვლებთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობს: “კაცმა არ იცის, ეგ რისი ძვლებია, ნამდვილად ვერ გეტყვით“.


მოზვერის მოპარვის ამბავზე ფერმების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მეპატრონეებმა დეტალები არ იციან.


„როცა აღმოაჩინეს, რომ მოიპარეს, მერე მეც მივედი იქ, ხალხი იყო შეკრებილი. ეს მოზვერი ცალკე ჰყავდათ დაბმული, ავად იყო და ნემსებსაც უკეთებდნენ. გელა ამბობდა, ქვევით რაღაც მანქანის კვალი შევამჩნიეო, ნაბუქსავებიაო“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.




sknews.ge