გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მუხროვანის ბაზაზე რეინჯერების პროფესიული დღე აღინიშნა

10-06-2019

რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას, ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საერთო ხედვის ფარგლებში განხორციელდა, რაც მობილურობას, მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და რეგიონული პრინციპის მიხედვით შესაძლებლობების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს.

რეინჯერების დღე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრი საჩვენებელ ტაქტიკური სწავლებას - რეიდის ოპერაცია ფუჭი ვაზნების გამოყენებით და რეინჯერების მიერ შესრულებულ ხრიდოლის საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზი მოინახულა, რომელიც ევროპული სტანდარტების არის და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლევან იზორიას ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, ხონის VI საარტილერიო ბრიგადაში, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სენაკში II ქვეით ბრიგადაში მინისტრმა სპორტული კომპლექსი პირადად გახსნა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა თავდაცვის მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების საპატიო წევრის სიგელი გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისთვის ლევან იზორიამ ორი რეინჯერი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, სხვა სამხედრო მოსამსახურეებს კი სასაჩუქრე მედალიონები და მეთაურის მადლობის სიგელები გადაეცათ. პირად შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების სასწავლო ცენტრის კაპელანმა, მამა პეტრემ დალოცა.

2009 წლის 8 ივნისს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში დაარსდა რეინჯერთა სკოლა, რომელში მომზადებული მებრძოლებით ხდებოდა რეინჯერთა ბატალიონის შევსება.