13-06-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულები 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დაადგინა და სამივე მათგანი მალევე დააკავა.
ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები.
განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.