გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალციხეში თურქული ბარების დახურვის მოთხოვნით აქცია გამართეს

10-11-2017

ახალციხეში პოლიციის მიერ დაკავებული ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და თურქული ბარების, ე.წ. ლოკანტების დახურვა მოითხოვეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთ ბარში პროსტიტუციას ეწევიან და არა ბიზნეს საქმიანობას.

ე. წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, თურქულ ბარში სამი ახალგაზრდა 9 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის, გრიგოლ კაპანაძის მამის განცხადებით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ე.წ. ლოკანტაში შესვლა უნდოდათ, რისი უფლებაც არ მისცეს. „ქალი გამოსულა და უთქვამს, რომ მათ არ შეუშვებდა შიგნით, რადგან იქ შესვლის უფლება მხოლოდ თურქებს ჰქონდათ. ამაზე მომხდარა იქ რაღაც ამბავი და ლოკანტაში ქალებს პოლიციაში დაურეკავთ“, – ციტირებს თამაზ კაპანაძის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

დაკავებულის მამა აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი ცემეს, რის გამოც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებმა ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადგილზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით კი საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

მეოთხე მამაკაცი ახალციხის რაიონულ სამმართველოში გამოწვეული ხმაურისა და ასევე პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოთხივე დაკავებულს ათი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.


წყარო: reginfo.ge