17-06-2019
სვანეთში, თეთნულდის მთაზე სლოვაკ ტურისტს ფეხი დაუცურდა, ფერდობზე გადავარდა და დაიღუპა-ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი - „112“ ავრცელებს.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.
საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“-აცხადებენ 112-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.