18-06-2019
მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დანიშნა.
"ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა, მადლობა გადავუხარო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის, დავით სერგეენკოს კი რეკომენდაციისათვის", - განაცხადა ახალმა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც "ქართული ოცნების" გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა.
"ჩვენი შემდგომი ეტაპი მიზნად ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას.
ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვაში პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება, რომ მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სოციალური პრობლემები, დევნილების საკითხი, შრომის უსაფრთხოება - ეს თემები კვლად რჩება გამოწვევებად.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არაცერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა. პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა.