19-06-2019
4-დან 7 ივლისის ჩათვლით, სენაკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელ კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელსაც სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ტურნირის მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის სენაკს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური და საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე ესტუმრნენ.
კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოადგილეებთან და სასპორტო გაერთიანების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა წარმატებული სენაკელი სპორტსმენის კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირს კრივში, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს” - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.