20-06-2019
ბორჯომი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს, რომელიც 20–დან 25 ივნისამდე გაგრძელდება.
ღონისძიება სასტუმრო Crowne Plaza–ში ჩატარდება. ღია ცის ქვეშ კონცერტი დღეს, 20 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.
ჟიურის წევრები არიან: ალექსანდრე გინდინი, თამარ ლიჩელი და ჩინგჩონ ჩაი.
25 ივნისამდე კონკურსანტების მოსმენებთან ერთად, მუსიკის მოყვარულებისთვის ცნობილი შემსრულებლების კონცერტებიც გაიმართება.
თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი დაიბადა 1927 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იოგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება. მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაშიც-იგი არაერთი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. თენგი ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წლის ცხრა მარტს თბილისში.