39 წლის მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი დღეს სხვა მუშებმა ნახეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ის დევნილი იყო და ვალეში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.
კულტურის სახლისა და ბაგა–ბაღის სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ახორციელებს. კომპანიას მუშებისთვის ხელფასი ოთხი თვეა არ გადაუხდია.
„ოთხი თვეა, რაც აქ ვართ და ჩვენთვის არანაირი ხელფასი არ დაურიგებიათ, გარდა 100 და 50 ლარისა. ახალი წელი მოდის და ზოგს 1500-დან 4000 ლარამდე ხელფასი აქვს ასაღები“;
„შენობა მისულია დამთავრებამდე, თანხას არ გვაძლევენ, ჩვენს ხელფასებს - ორ კაპიკზე გვაქვს საუბარი“;
„ყველა ხელოსანმა ვთხოვეთ, ვემუდარეთ, მიზერული თანხები დაერიგებინათ, რომ ოჯახებისთვის მიგვეწოდებინა. ნაწილობრივ მაინც მოგვცენ, რომ ახალი წელი დავიყენოთ“, - აცხადებდნენ 27 დეკემბრის აქციის მონაწილეები ახალციხის ტელეკომპანიასთან საუბარში.
მუშებს შპს „ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვის შემდეგ დაიწყებდნენ.
ვალეში კულტურის სახლისა და საბავშო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 722 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. 27 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ კომპანიისთვის თანხა გადარიცხული ჰქონდათ და ანგარიშზე მაქსიმუმ ორ დღეში აისახებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: reginfo.ge