„როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის კონსტიტუციაში“, - განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოება „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.
რვა პოლიტიკური პარტია, პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პარტიებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს დღეს მიმართეს.
პარტიები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მათ რიცხვს „პატრიოტთა ალიანსიც“ შეუერთდეს. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები არ დაიწყება, ოპოზიციური პარტიები 20 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ, რაც უმაღლეს საბჭოში ცვლილების ინიცირებისთვის არის საჭირო.
განცხადებას ხელს აწერენ პარტიები – „ახალი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“.