5-07-2019
დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელი კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის, ფოთის, სენაკის, გორის, ჭიათურის, ტყიბულის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, მესტიის, ახალქალაქის, თელავის 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა გუნდები.
საინტერესო და ემოციურად დატვირთულ ტურნირს დეკანოზი ნაზარი ჭანტურია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური, საფრანგეთში მოღვაწე ჩვენი თანაქალაქელი კახაბერ ჟვანია ოჯახთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, სპორტული სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებული სენაკელი სპორტსმენის სახელობის ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, 7 ივლისს დასრულდება.