9-07-2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნებიდან მე-10 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეებს განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების გაანალიზების, ასევე სამომავლო გეგმების დასახვის შესაძლებლობას სთავაზობს.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა, ამასთან თითოეულმა პარტნიორმა ამ ინიციატივიდან თავისი სარგებელი მიიღო“.
კერძოდ, ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოქალაქეთა მობილურობა, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ამოქმედების გზით. მინისტრის თქმით, კიდევ ერთ მიღწევას წარმოადგენს ის, რომ პარტნიორი ქვეყნების ათასობით ახალგაზრდა ევროკავშირის ქალაქებში იღებს განათლებას, ან სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოების წინაშე მდგარი რისკებისა და გამოწვევების განსახილველად მრავალმხრივ ფორუმს ქმნის, და ის ასევე ხელს უწყობს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელებისა და ციფრული კომუნიკაციის განვითარებას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას ემყარება, რაც აღნიშნული ინიციატივის ქვაკუთხედია“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის მიმართვაში.
საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ 11-12 ივლისს, ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მფლობელ ქალაქში - ბათუმში გაიმართება. კონფერენციას ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები და გამოჩენილი მკვლევარები დაესწრებიან.