10-07-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
შრომის თემში 6 სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.
„გამოვაცხადეთ, რომ იწყება გაზიფიკაციის სამუშაოები - ჯერ ვიწყებთ პროექტირებას და მას წლის ბოლომდე დავასრულებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქაურ მოსახლეობას გაისად ამ დროს გაზი უკვე ექნება“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.
შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.