გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვინ და როგორ სძალავდა ფულს ოჯახს – გახმაურებული საქმის დეტალები

10-11-2017

ფულის გამოძალვის მცდელობა პირადი ცხოვრების ამსახველი, არარსებული ფოტო/ვიდეო მასალების გავრცელების მუქარით და გამოძალვაში ბრალდებული, რომელიც ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა. ახალციხეში მომხდარი გახმაურებული საქმის დეტალები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში ახალგაზრდა,1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ნოემბერს გაავრცელა

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით].

გახმაურებული საქმის დეტალების გასარკვევად, „სამხრეთის კარიბჭე“ დაზარალებულის ოჯახს დაუკავშირდა. 

როგორც ახალგაზრდა ქალი, ბრალდებულის ბიცოლა ყვება, ყველაფერი 18 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს  ბიცოლას ტელეფონზე უცხო ნომრიდან რამდენიმე ზარი შევიდა: „სახლში ვიყავი, ვიღაც გაუჩერებლად მიშვებდა ზარებს, დაახლოებით ოთხი ზარი შემოვიდა. მობილური ახალი შეცვლილი მაქვს და ყველა ნომერი არ მქონდა, ვერ მივხვდი ვინ იყო და გადავურეკე. ჩემი მაზლის შვილი აღმოჩნდა და მითხრა, რომ ჩემთან გადაუდებელი საქმე ჰქონდა“. 

მისივე თქმით, მაზლის შვილმა უთხრა, რომ დილით ფარული ნომრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ბიცოლაზე, ანუ მასზე, ორი ფოტო და რამდენიმეწამიანი ვიდეო ჰქონდათ და თუ ბიძამისი 5000 დოლარს არ მიუტანდა, ამ მასალებს ჯერ მას, ანუ, ქალის ქმარს გაუგზავნიდნენ, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ატვირთავდნენ. 

„გამეცინა, ვუთხარი, ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს და 5 თეთრს არავის გადავუხდით, წამოდი, ბიძაშენს მოვუყვეთ–მეთქი. იუარა, ამბობდა გაბრაზდება, რომ პირველი მას არ ვუთხარი; იქნებ მე მოვაგვარო, დღეს საღამოს, 9 საათზე, უნდა დარეკონ პასუხზე და დაველოდოთ“, – იხსენებს ახალგაზრდა ქალი და ამატებს, რომ ამ საუბარში, ნელ–ნელა, მის ქმართან მივიდნენ, – „როგორც კი ჩემს ქმარს მოვუყევი, უთხრა, ერთად დაველაპარაკოთ საღამოს, რომ დარეკავენო“.

როგორც დაზარალებულის ოჯახში ყვებიან, იმ საღამოს ბრალდებულთან ამ საქმეზე არავის დაურეკავს. ამიტომ, მეორე დღეს, ნომრის გასაგებად, მობილური ოპერატორის, ბილაინის ოფისში მივიდნენ.

„ძალიან უცნაურია, მაგრამ ოპერატორმა განმიმარტა რომ იმ დღეს მის ტელეფონში არცერთი შემოსული და გასული ზარი არ დაფიქსირდა“,- ამბობს ბრალდებულის ბიძა. 

იმ დღეს ოჯახმა ვერაფერი გაარკვია. მათი ნაამბობის მიხედვით, ბრალდებულმა უთხრა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავდა და თავად გაარკვევდა დამრეკის ვინაობას. ამასობაში, რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ არაფერი გაირკვა. 

„დამირეკა, ბიძაჩემო ვერაფერი გავარკვიეო. ერთადერთი გზა რჩებოდა, პოლიციისთვის მიმართვა. ვუთხარი, განცხადება რომ დავწერო ნომრის ამოცნობაზე, შენ მერე დაკითხვაზე დაგიბარებენ და პრობლემა ხომ არ იქნება – მეთქი. არაო, პირიქით, მე შენს გვერდში ვარ, მიწიდან ამოვთხაროთ ვინცაა, ასეთი რამ როგორ გვაკადრაო“, – იხსენებს დაკავებულის ბიძა მ.ი.

მ.ი–მ ახალციხის რაიონულ სამმართველოს 25 ოქტომბერს მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს, ჩემს მეუღლეს, ნ.ი–ს შეხვდა ჩემი ძმის შვილი თ.ი., რომელმაც უთხრა, რომ მას დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება მობილური ტელეფონის ფარული ნომრით , რომელმაც მოითხოვა 5000 აშშ დოლარის გადახდა ჩემი მეუღლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა ჩემი მეუღლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. გთხოვთ თქვენს დახმარებას იმ პიროვნების დადგენაში, რომელიც დაუკავშირდა და უთხრა ზემოაღნიშნული ჩემი ძმის შვილს თ.ი–ს“, – ვკითხულობთ სამმართველოში შეტანილ განცხადებაში. 

ოჯახში ყვებიან, რომ ამის შემდეგ, ორივე მათგანი სამმართველოში დაიბარეს და გაესაუბრნენ. შემდეგ კი ამ ამბაზე არაფერი გაუგიათ იქამდე, ვიდრე 1 ნოემბერს, მედიაში, თ.ი.–ს დაკავების შესახებ არ წაიკითხეს.

„ვერ დავიჯერეთ, შოკში ჩავვარდით, ვერ ვიფიქრებდით, რომ ამას თვითონ ჩაიდენდა. იგინებოდა, იქადნებოდა, მიწიდან ამოვთხრი, საქართველოდან სად წავა, სად დაიმალება, შენ გვერდით ვარ, ასეთი რამ ჩვენს გვარს ვინ გაუბედაო. პოლიცია რომ ვახსენე, არც მაშინ გაუწევია წინააღმდეგობა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველაფრის უკან თავად იდგებოდა“, – ამბობს მ.ი. და ამატებს, რომ როგორც კი ეს ამბავი გაიგო, დაწერა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ მის ძმისშვილთან პრეტენზია არ ჰქონდა, – „პირველი, რაც ვიფიქრეთ, ის იყო, როგორ დაგვეხსნა ციხიდან“. 

1988 წელს დაბადებული თ.ი–ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 3 ნოემბერს იმსჯელა. 
ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინება უსამართლოა, რადგან, თ.ი. წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, პირადი ცხოვრების ამსახველი არანაირი ფოტო ან ვიდეო მასალა არ არსებობს და გარდა ამისა, საქმეში დევს დაზარალებულის განცხადებაც, პრეტენზიის არქონაზე.

ბრალდების მხარეს ჰქონდა, მხოლოდ შაბლონური მოსაზრება, ის რომ გამოძიება გრძელდება, შესაძლოა ხელი შეეშალოს გამოძიებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც ის მაკომპრომეტირებელი მასალა არ იყო დაზარალებულის მიმართ, რომლის გამოყენების მუქარითაც გამოძალვას ედავებიან, რეალურად არ არსებობს ეს მასალა და ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა სასამართლოს შეეფარდებინა გირაო“, – ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ მას სურდა განჩინება გაესაჩივრებინა, მაგრამ ეს არც თავად ბრალდებულმა მოისურვა და არც მისმა ოჯახმა. 

ბრალდებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დეტალებზე არც მასთან უსაუბრია, დუმილის უფლება გამოიყენა მისი თანდასწრებით დაკითხვის დროსაც.

„თუმცა, ჩემამდე არსებულ მასალებში, პოლიციასთან, აღიარებითი ჩვენება აქვს“, – ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ეს ჩვენება პოლიციელებმა დააწერინეს: „ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, რაც შემდგომში გამოიკვეთება“. 

ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიციამ დაადგინა, რომ ბრალდებულის ტელეფონზე არავის ჰქონდა დარეკილი: „გამოძიება გრძელდება, შესაძლოა დადგინდეს. ჩემი ჩართვის შემდეგ ეს ადამიანი იყენებს დუმილის უფლებას“. 

ბრალდებულის ადვოკატს ჯერ მოვლენების განვითარების შესახებ საუბარი უჭირს, თუმცა, კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ საპროცესო გარიგებაზე, ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არც დაზარალებული მხარე საუბრობს. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 29 წლის თ.ი–ს 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ელის. 



წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"