17-07-2019
დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი, ლია ჯაბიძე სხვადასხვა პროფილის ექიმებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იმუნიზაციის აქტუალობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკები.
ლია ჯაბიძემ აღნიშნა, რომ გადამდებ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას და თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევას ვაქცინები წარმოადგენს. ასევე, ისაუბრა წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების და პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო საყოველთაო ვაქცინაციაზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) იმუნიზაციის სამმართველოს უფროსმა ყურადღება გაამახვილა ექიმების როლსა და პასუხისმგებლობაზე მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით.