20-07-2019
სათაურით - "ბათუმის შავის ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი - საქართველოს კულტურული ფანჯარა ევროპაში" ბრიტანული ინტერნეტგამოცემა „Emerging Europe“ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და არტ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე შვიდი წლის განმავლობაში იკრიბებიან შესანიშნავი ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი არტისტები, სადაც მათ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
ფესტივალი შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ, როგორც ახალგაზრდა მუსიკოსების წარმოჩენის საშუალება და ასევე როგორც კლასიკური მუსიკის აუდიტორიამდე მიტანის გზა, რომელსაც სხვაგვარად შესაძლოა ვერ მოეხერხებინა ამ შესანიშნავი ხელოვნების აღმოჩენა.
“მას შემდეგ, რაც დავიწყეთ, ფესტივალის მისია ყოველთვის იყო ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა, მათი განსხვავებულობის ჩვენება და ასევე მისი ხელმისაწვდომობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“, – ეუბნება „Emerging Europe“-ს ბოლქვაძე, რომელიც 2015 წლიდან იუნესკოს „მშვიდობის ხელოვანია“. “ძალიან ბევრ ადამიანს სურს კულტურის აღმოჩენა და ფესტივალი მათ ამაში ეხმარება“.
ხელოვნების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანის სურვილი არის იმის მიზეზი, რომ ფესტივალი იმართება ბათუმში, შავი ზღვის კურორტზე და არა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.
“ეს არის შვებულებების პერიოდი“, – მეუბნება ბოლქვაძე, რომლის დედაც ბათუმიდანაა. „ადამიანები შვებულებას ზღვის სანაპიროაზე ატარებენ და დიდი დრო აქვთ, რომ მოვიდნენ ფესტივალზე და ისიამოვნონ მუსიკით. ბათუმში ზაფხულში არის განსაკუთრებული ატმოსფერო, ადამიანები მშვიდად არიან. მე ბავშვობაში ზაფხულს აქ ვატარებდი“.
ბათუმის ინფრასტრუქტურა ასევე დადებითი ფაქტორია. ბოლქვაძე უთითებს უამრავ შესანიშნავ სასტუმროზე, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია ბათუმს. ერთადერთი პრობლემაა აქ მოხვედრა, რასაც ქალაქის ყველა სტუმარი აღიარებს.
„ჩვენ უფრო მეტი პირდაპირი რეისები გვჭირდება“, – ამბობს ის.
ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლქვაძე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკებს აწყობს.
„ჩვენ ეს ორი წლის წინ წამოვიწყეთ“, – ამბობს ის.
„როგორც იუნესკოს ხელოვანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ამ ბანაკებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიქმნა. ჩვენ ვაერთიანებთ ასობით 12–17 წლის ახალგაზრდას მთელი საქართველოდან, რომელთაც შეუძლიათ აღმოაჩინონ ხელოვნება, მუსიკა და კულტურა. ისინი მონაწილეობას იღებენ სემინარებში და შეუძლიათ ფესტივალზე დასწრება. ეს არის მათთვის საშუალება, რომ აღმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებთი შესაძლებლობები“.
ფესტივალზე რეგულარულად იწვევენ წამყვან უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებს ევროპიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ბევრი მათგანი ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებს სთავაზობს.
“ეს კლასები სტიმულს აძლევს ახალ ტალანტებს, რომ გაიფართოონ ცოდნა და შეხედულებები მუსიკის სფეროში. ყველაზე ნიჭიერები მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ და მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე პრესტიჟულ გალა კონცერტებში ევროპაში“, – ამბობს ბოლქვაძე.
გარდა ამისა, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი წარმოადგენს მუსიკის დღესასწაულს, შეხსენებას – რომ არაფერი აახლოებს ადამიანებს და ერებს მუსიკაზე და ხელოვნებაზე მეტად. ბოლქვაძე – რომელთან საუბარიც ძალიან სასიამოვნოა და რომელიც სავსეა სურვილით, რომ გამოიყენოს მუსიკა მსოფლიოში სიკეთის დამამკვიდრებელ ძალად – არის ფესტივალის იდეალური პერსონა და მუსიკის, იუნესკოს და საქართველოს უნაკლო ელჩი.
“კლასიკური მუსიკის ბგერები სცდება ბათუმს ამ შესანიშნავი 10 დღის განმავლობაში და აცოცხლებს ბახის, ბეტხოვენის, სენ-სანსის, შოპენის, რაველის და ბევრი სხვა კომპოზიტორის შედევრებს“, – ამბობს ელისო და მიუთითებს, რომ აქ ადგილი ქართული ხალხური მუსიკისთვისაც არის. ქართული პოლიფონიური სიმღერა – იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი უნიკალური, ფასადუდებელი ტრადიცია – არის ფესტივალზე წარმოდგენილი მხოლოდ ერთ-ერთი ადგილობრივი ელემენტი.
„ის ყოველთვის წარმოჩენილია, როგორც ეროვნული განძი. ფესტივალი აჟღერებს და მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ინტეგრაციას“.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი წელს გაიმართება 1–10 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე.