23-07-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის არტ პროექტის ,,ცოდნა - ხელოვნების გზით’’ ფარგლებში, 9-დან 22 ივლისის ჩათვლით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, ცენტრის აღსაზრდელებისთვის ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით.
დღეს, საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუსიკა, მხატვრობა, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, შეხვედრები, ექსკურსიები - ასეთია ზოგადი ჩამონათვალი იმ მრავლისმომცველი შთაბეჭდილებებით აღსავსე ღონისძიებებისა, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინეს დასკვნით საღამოზე საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა.
ეს მნიშვნელოვანი შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება, გრძელდება და მეორე ეტაპის აღსაზრდელებს, ხვალიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, უმასპინძლებს.