29-07-2019
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის წლების მანძილზე მიმდინარე ერთობლივ პროექტში ,,ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა’’ ჩართულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ევროპის წამყვანმა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა ინგლისურ ენაში გაკვეთილები ჩაუტარეს. ამასთან, მოსწავლებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში. პროექტი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სიღრმისეულ შესწავლას და ბრიტანელ ახალგაზრდებთან ინტეგრირებას ისახავდა მიზნად.
საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს, ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის წევრებთან ერთად, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ არქეოლოგიურ გათხრებში.
ასევე, ისინი ქართულ ბრიტანული ექსპედიციის ხელმძღვანელის პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, საველე პირობებში გაეცნენ არქეოლოგიური საქმიანობის სპეციფიკას.
საინტერესო იყო ახალგაზრდების ჩართვა საყოველთაო აქციაში ,,დაისვენე საქართველოში’’. მათ, ნოქალაქევის ისტორიული ქონგურებიდან, ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დალაშქვრისკენ მოუწოდეს.
ისინი ასევე სტუმრობდნენ ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს.
ბოლოს, პროექტის ფარგლებში, ქართველი და ბრიტანელი ახალგაზრდები ანაკლიის აკვაპარკს ექსკურსიით ეწვივნენ.
შეხვედრაზე, საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოსლაიდებით გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესოდ წარმოაჩინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა.
მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან საუბრისას, პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლოდ, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, აქტივობების გაფართოვებისა და გამრავალფეროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა. იგი, პროექტის მნიშვნელობის გაზრდის კუთხით, მოსწავლეებს მხარდაჭერას შეჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 30 ივლისს, პროექტის მონაწილეთა ბოლო აქტივობა ნოქალაქევის კანიონების დალაშქვრა იქნება, რითაც, საზაფხულო სკოლის პროექტი მომავალ წლამდე დასრულდება.