31-07-2019
სოხუმი თბილისს ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ასე აფასებს სეპარატისტული რეჟიმის საგარეო უწყება ქართული მხარის განცხადებებს სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების შესაძლო განხორციელების შესახებ.
„ქართული მხარის ქმედებები პირდაპირ არღვევს გადაადგილების თავისუფლების უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციაზე მიმართული პოლიტიკის გატარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ასე გამოეხმაურა თბილისი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი შესაძლოა ისევ ამოქმედდეს და საერთაშორისო ფრენები შესრულდეს.
26 ივლისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება,რომელშიც განმარტავს, თუ რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.