8-08-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
„აგვისტოს ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ ომს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, დამატებით დაიკარგა ქართული სოფლები და კოდორის ხეობა. აფხაზეთის საზოგადოება არასდროს არ შეეგუება ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, გონივრული და პრინციპული პოზიციით ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის გასაერთიანებლად. ქედს ვიხრი დაღუპული ადამიანების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.