14-08-2019
დღეს ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილზე ჩვენ ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ახალი საბაგირო ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება.
„როგორც რიგითი ქართველი ვარ ძალიან ამაყი, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. მინდა მათ ამ ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა. ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავზარდოთ ცნობადობა. მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ორჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტების განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები, რომ ჩვენი კურორტები იყოს მაღალი სტანდარტის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრაქტს ხელი ეწერება მსოფლიოს წამყვან კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“.
„ჩვენ კონტრაქტს ხელს ვაწერთ მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ამ ინდუსტრიაში - ეს არის ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რადგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კურორტების განვითარებაზე საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და ჩვენ ვითანამშრომლებთ მხოლოდ მსგავსი რანგისა და ხარისხის კომპანიებთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს და მეტ სამუშაო ადგილს ბაკურიანში.
„ჩვენი ტერიტორიის ორი მესამედი არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომელიც გვაქვს და მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე დღის წინ მე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანა და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ 2025 წლის ოლიმპიადას ახალგაზრდებში. ეს არის ძალიან ამბიციური განაცხადი, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. საქართველო ამას იმსახურებს და ქართველი ერი ამას იმსახურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირების მასპინძლობის შედეგად საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსი და გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.