14-08-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები და საჭიროებები ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცნო. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო სივრცეების განახლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ყველა ის პროექტი გააცნო, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.
„დმანისის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, ბიოწარმოების და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ბენეფიციარი ჰყავდეს აღნიშნულ პროექტებს და უფრო ბევრმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი. მნიშვნელოვანია ადგილობრივები გაერთიანდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, გააერთიანონ ფრაგმენტულად დაყოფილი მიწები, დაიწყონ ბიზნესზე ორიენტირებული წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მიმდინარე წელს, დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტის და სტიქიის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.