10-11-2017
დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მერიის 2018 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სფეროში დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა.
სამსახურის უფროსის თენგიზ პეტრიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2018 წელს 78 მილიონ 688 600 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული თანხა ძირითადად ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამაში შედის როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე ახალი ქუჩების რეაბილიტაცია ე.წ ჭაობის დასახლებაში, ბონი-გოროდის, კახაბრის, გონიოს, მწვანე კონცხისა და აეროპორტის ტერიტორიაზე. სულ 80-მდე ქუჩის რეაბილიტაციაა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული.
დაგეგმილია ფეხით მოსიარულეთა ხიდის გაკეთება ბარცხანაში. განხილვის დროს შეკითხვები დაისვა შშმ პირებისთვის ხიდის ადაპტირების შესახებ, თუმცა როგორც მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხიდი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვერ იქნება, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ უარს ამბობს ტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე, „არსებული ინფრასტრუქტურა ხიდის ადაპტირების შესაძლებლობას არ იძლევა,“- განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
პროექტების პრეზენტაციის დროს კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა თომა კაკაბაძემ. მისი თქმით, მერია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის დროს არ ითვალისწინებს შშმ პირების რეკომენდაციებს და დღემდე პრობლემად რჩება როგორც ქუჩების, ასევე შენობების ადაპტირება.
ტაოს ქუჩაზე მცხოვრები როინ მახარაძის თქმით კი, არაერთგზის წერილობითი თხოვნის მიუხედავად, მერიამ არ გაითვალისწინა ამ ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნა. „შვიდჯერ მივმართეთ მერიას წერილობით, იყო სიტყვიერი თხოვნაც, რომ ტაოს ქუჩაზე ასფალტი დაეგოთ, თუმცა მდგომარეობა ისევ სავალალოა. სიცხეში საშინელი მტვერია, წვიმაში – ტალახი. ქუჩაზე არის ღია დაჭაობებული არხები, საიდანაც საშიანელი სუნი ამოდის, მოსახლეობის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე,“-ამბობს როინ მახარაძე.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებლი „და იმას გეტყვით ზუსტად, როდის იქნება გათვალისწინებული,“- უპასუხა მან მოქალაქეს.
პეტრიძის თქმით, „ყველა ქუჩა ერთდროულად ვერ გაკეთდება. ბევრი ქუჩაა ქალაქში მსგავს მდგომარეობაში“ და თანმიმდევრულად უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია თანხის რაოდენობა ქალაქის გამწვანებისთვისაც – 2 მილიონ-ნახევარი ლარია გათვალისწინებული. „გაზრდილია ქალაქის გაფორმების ბიუჯეტიც, 1 201 380 ათასი ლარია ამისთვის გათვალისწინებული, აქედან 500 ათასზე მეტი ლარი საახალწლო გაფორმებაზე დაიხარჯება,“- განაცხადა ნუკრი ხინთიბიძემ.
2018 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ქალაქში ორი ახალი სკვერის გაკეთება და ერთი სკვერის რეაბილიტაცია.
მერიის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"