გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას

18-08-2019

გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებასთან დაკავშირებით:

"შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.

ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.