9-01-2018
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეეხო.
როგორც ააიპის თანამშრომლებმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადეს, ახალი წლიდან მათ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს. შედეგად, სამსახურის გარეშე ათეულობით ადამიანი დარჩა, მათ შორის კულტურის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდული სახლისა და მუსიკალური სკოლების თანამშრომლები. ადამიანებმა, რომლებმაც ვინაობისა საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვეს, განაცხადეს, რომ მათთვის ის მიზერული შემოსავალი ( 200-ლარამდე ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენს. "გვითხრეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოგვეწურა და ახალი ხელშეკრულებები აღარ გავიფორმეს. 2-3 თვე გაურკვეველ ვითარებაში ვრჩებით, უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები გვაქვს, მიზერული ანაზღურება გვქონდა და ისიც აღარ გვექნება, ასე დააფასეს ჩვენი საქმიანობა,"-განუცხადა "ნიუპრესს" ააიპის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.
დაწყებული რეორგანიზაციაში პრობლემას ვერ ხედავს ბაღდათის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი პავლე აბულაძე. მისი განცხადებით, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლის დიდი ნაწილი სამსახურში აღარ ირიცხება.
ხელშეკრულებების გარეშე დარჩენილი ყოფილი თანამშრომლების პრობლემას აღიარებს ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე, თუმცა აცხადებს, რომ მათ ქონდათ ხელშეკრულებები გაფორმებული, რომლებსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.
არჩილ გოგსაძე პროცესს რეორგანიზაციის საჭიროებით ხსნის. მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე გამგეობის ააიპებში.
"რეორგანიზაცია ყველა ააიპშია გამოცხადებული, მათ შორის გამგეობაშიც. იყო 7 ააიპი და დარჩება 5, აქედან გამომდინარე, მოხდება ცვლილება სტრუქტურული ერთეულების და თვითონ თანამშრომლების. მათ ქონდათ ხელშეკრულებები, რომელთა ვადა ამოიწურა, შესაბამისად, ხელშეკრულებები გაუფორმდა იმ თანამშრომლებს, ვისი ყოფნაც აუცილებელია, რომ ააიპის პარალიზება არ მოხდეს. დანარჩენებს ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ. როდესაც რეორგანიზაციის შემდგომ დაინიშნება ხელმძღვანელი, დამტკიცდება ახალი დებულება, ახალი საშტატო ნუსხა, შემდეგ მოხდება თანამშრომლების ხელახლა აყვანა"-განუცხადა გოგსაძემ "ნიუპრესს".
რაც შეეხება გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციას, მერის თქმით, 10 სამსახურიდან ერთი - იურიდიული სამსახური გაუქმდა და ის განყოფილებად გადაკეთდა, შესაბამისად, ბაღდათის გამგეობაში 9 სამსახური დარჩა.
წყარო: newpress
http://newpress.ge/bardatshi-kulturis-sferos-ateulobit-warmomadgeneli-samsaxuris-gareshe-darcha