გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ხანიშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა

29-08-2019

logo2
გიორგი ხანიშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა
გიორგი ხანიშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა
12:51 29.08.2019
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები და საქართველოს გამოცდილებას თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა" განიხილავენ. კონფერენციას მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების მეცნიერები, ასევე ფერმერები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„საამაყოა, რომ ქართველების მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით წარმატებული შედეგები მოგვიტანა. ჩვენი ფერმერები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მკვეთრად შემცირებულია აზიური ფაროსანას რაოდენობა და ის ზიანი, რაც შეიძლებოდა მავნებელს მიეყენებინა თხილის ნარგავებისთვის. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა ფაქტობრივად უნიკალურია თავისი შედეგებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში იყო ჩართული. დღეს, თამამად და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოსახლეობამ, ერთად შევძელით დროის უმოკლეს ვადაში გავმკლავებოდით პრობლემას, რომელსაც ჩვენზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ათწლეულები მოანდომეს და მსგავს შედეგებს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას განიხილავენ. როგორც ღონისძიებაზე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველომ შექმნა ფაროსანსთან ბრძოლის უნიკალური, ინტეგრირებული სისტემა და უმოკლეს პერიოდში მიიღო ხელშესახები შედეგი. სწორედ ასეთი წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკა, ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც მავნებელთან ბრძოლის გზამკვლევი.

„სამეცნიერო მისიის ფარგლებში, საქართველოში შეიკრიბნენ მსოფლიოს საუკეთესო ენტომოლოგები, რომლებიც აზიური ფაროსანას საკითხზე მუშაობენ. ჩვენი მიზანია შევქნათ საინფორმაციო ბაზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავიზიაროთ ის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობით შემუშავდა. ამ ორგანიზაციების პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მოხერხდა ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. ეს პროგრამა არის გასაოცარი, ერთ-ერთი საუკეთესო და ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი. ამ პროგრამის დამსახურებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა რგოლი – სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები, მეფუტკრეები. მე ვნახე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი 2017-2018 წლებში, როდესაც თხილის მოსავალი ფაქტობრივად აღარ იყო. მოხარული ვარ, რომ წელს, საქართველოში თხილის ხარისხი კვლავ უბრუნდება პირვანდელს, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც და შესაბამისად, გაზრდილია თხილის ფასიც. ეს კი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფერმერებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ენტომოლოგთა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა.

კონფერენციის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები მოხსენებებს გააკეთებენ, როგორც მავნებლის ბიოლოგიის, ასევე ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 24-30 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სამი უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევების სამსახურის, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს და ამ კუთხით არსებულ ვითარებას, ასევე დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ.


აშშ-ისა და საქართველოს შორის სამეცნიერო მისიის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო 2018 წელს, ამერიკული მხარის პირველი მისიის დროს, რომლის ორგანიზატორები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტურობის აღდგენის პროგრამა (REAP), საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA და მწერების მონიტორინგის სისტემებისა და ფერომონების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია Trécé Inc იყვნენ.