გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მედლინ მუნმა ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა

13-09-2019

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა მოინახულა საოკუპაციო ზოლი სოფელ დიდ ხურვალეთში და აქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ყველას შეუქმნან საფუძვლიანი წარმოდგენა აქ არსებული მდგომარეობის შესახებ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საოკუპაციო ზოლთან იმყოფება, რათა ადგილზე ნახოს, რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად ის ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და მეორე დილით აღმოაჩინეს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს. მნიშვნელოვანია, თავად ვნახოთ ეს ყველაფერი და თავად მოვისმინოთ ამ ადამიანის მონათხრობი. ეს არის პირდაპირი მაგალითი იმ სისასტიკისა და არაჰუმანური ვითარებისა, როდესაც ადამიანები მოწყვეტილნი არიან საკუთარ ოჯახებს, მიწებს და მემკვიდრეობას. ჩვენი საქმეა დავაკვირდეთ, დავსვათ კითხვები და წავიღოთ ეს მტკიცებულებები ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე ლონდონში. გპირდებით, რომ მხოლოდ ანგარიშის დაწერით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ უფრო საფუძვლიანი წარმოდგენა შევქმნათ იმ პრობლემებისა და სისასტიკის შესახებ, რასაც ადამიანები აქ ყოველდღიურად აწყდებიან“, - განაცხადა მედლინ მუნმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია. მისი განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ზოლთან საკუთარი თვალით იხილეს ის მძიმე შედეგები, რომელიც ახლავს ოკუპაციას, როდესაც სოფლის შუაგულში გავლებულია მავთულხლართები და მოსახლეობას არ ეძლევა ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დეტალურად გაეცნო ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ესენი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე თავიანთ ქვეყნებში მათი პარლამენტების მაღალი ტრიბუნებიდან მუდმივად აკეთებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებებს. ისინი ასევე უმკაცრესად გმობენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და მუდმივად მოუწოდებენ მას შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მათი დღევანდელი ვიზიტიც საოკუპაციო ხაზთან იმიტომ, რომ ეს არის მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს საკითხი და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე, საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში აქტიურად დგას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.