გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოსახლეობის უმეტესობას ისევ დიდი ვალი აქვს და ნასესხები ფულით ცხოვრობს

14-09-2019

საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის ამოქმედებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარ მიზნად ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ასახელებდა. ზუსტი სტატისტიკა, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობით აღმოიფხვრა სესხზე ვადაგადაცილება არ არსებობს, თუმცა სებ-ის მონაცემებით, შემცირებულია თავად სასესხო პორტფელი.

მიუხედავად იმისა, რომ არც მთავარი რეგულატორი და არც საბანკო სფეროს სპეციალისტები მოკლევადიან პერიოდში ცვლილებებისაგან ჭარბავლიანობის შემცირებას არ ელიან, კომერციულ ბანკებში სამომხმარებლო პორტფელის ზრდა უკვე შეჩერებულია. 

„თიბისი რისერჩის“ ანგარიშის თანახმად, 2019 წლის თებერვალში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპმა მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა. ეს გასული ექვსი წლის მინიმალური მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური პირების არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ბაზარმა ზრდა თითქმის შეწყვიტა. არადა, ეს სწორედ ის სესხებია, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, მაგალითად, განვადებები, საკრედიტო ბარათები და მიკროსესხები.

შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ 2018 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც ეროვნული ბანკის ბრძანებით კომერციულ ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. 

ახალი ნორმის ამოქმედებიდან ხუთ თვეში ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი უკვე განახევრდა და 6.7 პროცენტამდე დაეცა. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებით ამ ტიპის სესხების ზრდა კიდევ შემცირდა და პრაქტიკულად განულდა. 

2019 წლის თებერვალში, ანუ რეგულაციების ამოქმედებიდან 1 თვეშივე  კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 55.743 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 34.272 მილიონი ლარით, თითქმის 60 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

ივლისის მონაცემებით, ცვლილება ყველაზე მეტად მიკროსესხების - 5000 ლარამდე მოცულობის სესხების ბაზარზე აისახა. ბაზრის ამ სეგმენტში, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, 2 422 751 000 ლარის სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია. გაცემული სესხების რაოდენობა კი 2018 წლის მაჩვენებელს 56 000-ით ჩამოუვარდება და 1 776 254-ს შეადგენს.

სესხების გაცემაში არსებულმა ამ შემცირებამ უკვე მოახდინა გავლენა იმ კომპანიებზე, რომელთა ბიზნესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამომხმარებლო/ საგანვადებო სესხებზე. მათ შორის რეგულაციები აისახა ავეჯის, ელექტროტექნიკისა და სხვა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რეალიზატორ კომპანიებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,საზოგდოება და ბანკდების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რეგუალციების პოზიტიური შედეგი გრძელვადიან პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ, უარყოფითი შედეგები კი უკვე თვალსაჩინოა. 

,,ეს გრძელვადიანი პროცესია და მეეჭვება მოკლე პერიოდში ჭარბვალიანობა შემცირდეს. ის ხალხი, ვინც შავ სიაში აღარ არის და სესხი გაუნულდა, მაინც ვერ იღებს ახალ სესხს ჯერჯერობით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი აკლდებიან ჭარბვალიანთა სიას, თუმცა არაოფიციალურად დარწმუნებული ვარ, მაინც სესხულობენ ფულს. 

საფინანსო რეგულაციებმა ნამდვილად მოიტანა ის, რომ შემცირებაა მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სექტორში და ისინი, ფაქტობრივად, ზარალზე წავიდნენ. შემცირებაა ასევე ინვესტირების სექტორშიც. 

ჭარბვალიანობის შემცირება გამოირცხულია თუ არ გაიზრდება ეკონომიკა. ეს არის აქსიომა, სხვაგვარად არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვერ ვსაუბრობთ კონკრეტულ ციფრებზე, ვიცით, რომ ის ხალხი რომლებიც არ იღებენ სესხს ბანკიდან, ფულზე საჭიროება არ უქრება და მიდის სხვაგან”, - ამბობს "რეზონანსთან" კეპულაძე,

რეგულაციების ნეგატიურ  როლზე საუბრობს ,,რეზონანსთან” საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძეც. პროფესორი მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობა მხოლოდ ოფიციალურ სექტორში შეიძლება შემცირდეს, რეალურად კი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ისევ დიდი ვალი აქვს და ნასესხები ფულით ცხოვრობს. 

"ძალიან მარტივია, ადამიანს თუ ფული უნდა და არ მისცემ, ამით მას ეს სურვილი და საჭიროება არ შეუმცირდება, სხვა ალტერნატივას იპოვნის ან უფრო დიდ გაჭირვებაში იქნება. ამიტომ არ მესმის ამან ჭარბვალიანობა როგორ უნდა შეამციროს? უბრალოდ, ოფიციალურ სექტორში აღარ ისესხებენ ფულს. სულ ესაა. მთავარი პრობლემაა ფინანსებისადმი ნაკლები ხელმისაწვდომობა ბიზნესის, ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან. 

დიდი სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ ეს მომხმარებლის დაცვაზეა ორიენტირებული. ათასი სხვა მექანიზმი არსებობს მოსახლეობის დასაცავად, პირველ რიგში, ფინანსური ცნობიერების გაზრდა, რისთვისაც მუდმივად უნდა მუშაობდეს ეროვნული ბანკი. ეს ნაბიჯი კონტრპროდუქტიულია და შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. 

პოზიტიური შედეგს რასაც ეძახიან, მისი დანახვა კიდევ ბევრი წელი შეუძლებელი იქნება”, - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე.

"რეზონანსი"

"გურიის მოამბე"