გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სახელმწიფო ავტომობილების შენახვა 128 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა - სახელმწიფო აუდიტი

14-09-2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2017 წელს მოიცავს.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციის აუდიტების შედეგად, სისტემატურად ვლინდებოდა ავტოპარკთან დაკავშირებით გარკვეული სახის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა. სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის და ხარჯების შემცირების მიზნით, 2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა საქართველოს მთავრობის N121 დადგენილება, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, შეესწავლა მთავრობის N121 დადგენილების ამოქმედების შემდგომ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხები.

აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ასევე აუდიტის ობიექტებია ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რომელთა საერთო რაოდენობამ, ჯამში 34 შეადგინა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნებები და ნაკლოვანებები:

ოპტიმიზაციის გეგმები არ არის დამტკიცებული
ავტომობილები ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად არ არის კლასიფიცირებული
დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ავტომობილების რიცხოვნობა
ავტომობილების შესყიდვისას ტექნიკური მოთხოვნების დაუცველობა
დადგენილება არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობას
დადგენილება ავტომობილების შეძენამდე არ ითვალისწინებს ხარჯეფექტურობის ანალიზს.
სამორიგეო ავტომობილების განკარგვისას გამოვლენილი ნაკლოვანებები.
საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა.

აღნიშნული ავტომობილების განაწილება უწყებების მიხედვით ასეთია:

აღმასრულებელი ხელისუფლება - 13,226 ავტომობილი, ხარჯი 103,423,792 ლარი;

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები - 2,171 ავტომობილი, ხარჯი 16,961,776 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 337 ავტომობილი, ხარჯი 3,617,028 ლარი;

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა - 19 ავტომობილი, ხარჯი 313,316 ლარი;

ორგანიზაციები, რომლებზეც არ გავრცელდა N121 დადგენილება - 436 ავტომობილი, ხარჯი 3,934,480 ლარი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა დარღვევები საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

"საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები აუდიტის შედეგად ავტომობილების მიერ მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:

აუდიტით შესწავლილი 34 ორგანიზაციების მიერ, საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპირობები არ არის ჩამოყალიბებული;

შერჩეული 8 ორგანიზაციის 33 ავტომობილიდან, განხორციელდა 17 ერთეული ავტომობილის შემოწმება საწვავის ავზის ზუსტი ტევადობის დასადგენად, საიდანაც 8 შემთხვევაში დადასტურდა აგაის მონაცემებით დაფიქსირებული ოდენობის საწვავის ჩასხმის შესაძლებლობა, 9 შემთხვევაში ვერ დადასტურდა, ხოლო 16 ავტომობილი არ გამოცხადდა შესამოწმებლად;

12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუქტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს;

 

შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური მთავრობას 9 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის არის:

რეკომენდაცია N1 − სახელმწიფო კომისიას სახელმწიფო ავტომობილების საჭიროების მიხედვით გადანაწილების და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კომისიამ შეიმუშაოს ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენის ერთგვაროვანი ფორმა და განსაზღვროს ოპტიმიზაციის პროცესის თითოეული ეტაპის დასრულების გონივრული ვადები, რაც ხელს შეუწყობს: ოპტიმიზაციის გეგმების დამტკიცებას; მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმალურ გადანაწილებას და კლასიფიცირებას;სამორიგეო და განპიროვნებული ავტომობილების ზღვრული ოდენობის კონტროლს.

რეკომენდაცია N2 − სახელმწიფო კომისიას ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სატრანსპორტო სისტემების ხელშეწყობის მიზნით, გადაიხედოს მთავრობის N121 დადგენილება და შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ალტერნატიულ ენერგიაზე (მაგალითად: ჰიბრიდული და ელექტრო სისტემის მქონე) მომუშავე ავტომობილების შესყიდვას.

რეკომენდაცია N3 − სახელმწიფო კომისიას ავტოპარკის განახლების ოპტიმალური დროის განსაზღვრისა და ხარჯეფექტურობის დასაბუთების პრინციპების ეტაპობრივად დანერგვის მიზნით, სახელმწიფო კომისიამ კარგი საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით, იმსჯელოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ავტომობილის შეძენამდე განსაზღვრავს ხარჯეფექტურობის პრინციპებს.

რეკომენდაცია N4 − სახელმწიფო კომისიას საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, N121 დადგენილებით განისაზღვროს მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს დაავალდებულებს, შეიმუშაონ საწვავის ლიმიტის გაანგარიშების წესი, რაც, თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე.

 

რეკომენდაცია N5 − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო ავტოპარკზე საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესყიდვის ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები მომსახურე კომპანიის მიმართ: მომსახურე კომპანიის მიერ საწვავით გამართვისას მოხდეს ჩიპზე არსებული ინფორმაციის იდენტიფიცირება შესაბამის ავტომანქანასთან;

აგაის სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვისას მომწოდებელი კომპანიის მიერ ჩიპი (მეხსიერების ბარათი) მონტაჟდებოდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა და გადაადგილება მომსახურე კომპანიის ნებართვის გარეშე; ხელშეკრულებით დარეგულირდეს ზემოხსენებული მოთხოვნების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციები (ჯარიმა).

 

რეკომენდაცია N6 − სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციებმა გარკვეული ინტენსივობით განახორციელონ ავტომობილებზე დამონტაჟებული ჩიპების მთლიანობის მონიტორინგი.

რეკომენდაცია N7 − სახელმწიფო კომისიას და ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს შვებულება-მივლინების პერიოდში თანამშრომლებზე განპიროვნებული ავტომობილების გამოყენების მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, ორგანიზაციებმა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით, დანერგონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქონებისა და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმიანობის შეუფერხებლად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განახორციელონ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, გარკვეული გამონაკლისების დასაშვებად, რომელიც შესაძლებელს გახდის და დაადგენს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება ისარგებლოს განპიროვნებული ავტომობილით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან მივლინებაში ყოფნის მიუხედავად.

რეკომენდაცია N8 − სახელმწიფო კომისიას და ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს სამორიგეო ავტომობილების დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით, სახელმწიფო კომისიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შემდეგი: სამორიგეო ავტომობილების გამოყენება ყველა ორგანიზაციაში განხორციელდეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც იქნება დასაბუთებული და დადოკუმენტირებული; ორგანიზაციებში განხორციელდეს სამორიგეო ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი. კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა; მთავრობის დადგენილების მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესდეს შესაბამისი სანქციები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ეფექტური აღსრულება.

რეკომენდაცია N9 − სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა.

alia.ge