14-09-2019
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის" შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. შედეგების მიხედვით, ე.წ. არჩევნებში მოქმედმა „პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ოპოზიციური პარტია „ამცახარას" კანდიდატმა ალხას კვიცინიამ შედეგები გაასაჩივრა. არსებობს მოლოდინი, რომ თუკი მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ამას სამოქალაქო დაპირისპირება აუცილებლად მოჰყვება. კვიცინიას სარჩელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო 17 სექტემბერს განიხილავს. ამავე დღეს კვიცინიას მომხრეები შეკრებას და მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას და აცხადებს, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნება, რომელიც ერთი-ორი კვირა გასტანს.
„გამორიცხული არ არის რაღაც მღელვარება, რომელსაც არა მგონია გრძელვადიანი, შეუქცევადი პროცესის სახე ჰქონდეს და რომლითაც ვითარება აირევა, თუმცა გამორიცხული არაფერია. კვიცინიას მხარეს არის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, მაგრამ მეორე მხრივ, ხაჯიმბას მხარდამჭერად პუტინი გამოჩნდა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი დაასწრო და ხაჯიმბას გამარჯვება მიულოცა.
„აფხაზეთში გააგზავნა შეტყობინება, რომ „მე ხაჯიმბა მირჩევნია." ეს მნიშვნელოვანი შეტყობინებაა და ამით აფხაზურმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ დავაში დაუპირსპირდნენ თუ არა. კვიცინიას მომხრეები კი არ ამბობენ, რომ კვიცინიამ გაიმარჯვა, არამედ აცხადებენ, რომ არ შედგა არჩევნები და კიდევ ერთი ტური უნდა ჩატარდეს. ფაქტობრივად, ორივე მხარე თავის სასარგებლოდ ახდენს კანონის ინტერპრეტაციას.
„ე.წ.-მა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც დაადასტურა ხაჯიმბას გამარჯვება. თუ სასამართლომაც ხაჯიმბას სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ ძალიან ძლიერი დარტყმის ქვეშ ექცევიან კვიცინიას მომხრეები. შეიძლება ერთი-ორი კვირა იყოს დაძაბულობა და შემდეგ სახლებში წავიდნენ. ვერ ვხედავ ამ წუთში კვიცინიას სასარგებლოდ გრძელვადიან, მყარ სახალხო მხარდაჭერას. ჩაიაროს სასამართლო პროცესმა და მერე ვნახოთ, როგორ მოახერხებს კვიცინია ხალხის მობილიზაციას," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას სამშაბათს ოფიციალურად მიულოცა „პრეზიდენტად" არჩევა.
შეგახსენებთ, კვიცინიამ 11 სექტემბერს სარჩელი შეიტანა, რომ გააუქმოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც 8 სექტემბერს ჩატარდა. ცესკოს საბოლოო მონაცემების თანახმად, ამჟამინდელმა „პრეზიდენტმა" რაულ ხადიმბამ მეორე ტურში ხმების 47.39% (39 793) მიიღო, კვიცინიამ - 46,17% (38 766), სხვაობა 1027 ხმა. "ყველას წინააღმდეგ" 3155 ხმა მიიღო.