16-09-2019
ახალ სასწავლო წელს, რუსთავის 22 საჯარო სკოლა, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
1 700 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 26 პროექტი, რომელიც სკოლების სპორტული დარბაზების, მოედნების, სველი წერტილების, დერეფნების რეაბილიტაციას და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა, რუსთავში სრულად განხორციელდა და სასწავლო წელი ყველა საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე დაიწყო.
სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყო რუსთავის ბაგა-ბაღებშიც, სადაც წელს, 1 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 8 საბავშვო ბაღში განხორციელდა. სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი.
ახალი ინვენტარი: საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები და სტელაჟები, სასწავლო წლის დაწყებამდე, რუსთავის ოცდაერთივე ფილიალში შეიტანეს. სრულად გარემონტდა მე-8 საბავშვო ბაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო.
სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა #27, # 17, #36. #31, #23, #33 და 25-ე ფილიალებში. გაიხსნა ახალი ჯგუფებიც და წელს, რუსთავის ბაღებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, 2048 აღსაზრდელი მიიღეს.
სასწავლო წლის დაწყება, რუსთავის მერის მოადგილეებმა - გოჩა ლორიამ, ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, პაატა მხეიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა, რუსთავის თითქმის ყველა სკოლას და საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელს მიულოცეს.
სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, პროექტები, მუნიციპალიტეტებმა წელს პირველად განახორციელეს.
2020 წლისთვის, რუსთავში, სკოლების რეაბილიტაციისთვის 3 000 000 ლარია გათვალისწინებული.