17-09-2019
რეზონანსი) ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ - ასე ეხმაურება, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
"შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის გადანკარგვით დაკავდა. თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?! ან რატომ მიდიან „დაბარებულები"?!
გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მითუმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ. პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი, იმიტომ რომ, ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.
რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში. ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე...
ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.