გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

17 მილიონიანი ტენდერის სკანდალური დეტალები - დიდი კორუფცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

18-09-2019

პრესა.ჯიმ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 2019 წლის 2 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები გაარკვია. 

ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილსა და გერმანულ კომპანია „Magirus Gmbh-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - 30 ერთეული 15 ტონიანი ცისტერნის მქონე სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შესახებ.

დოკუმენტებში წერია, რომ ქართულმა მხარემ 2019-2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გერმანულ კომპანიას ჯამში 5 მილიონ 706 ათას 387 ევრო უნდა გადაუხადოს. 

ხელშეკრულების მიხედვით, ერთი ერთეული სახანძრო სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების ფასი 190 ათას 212 ევროა. 

დოკუმენტში მითითებულია რომ მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ მხარეს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანები ეტაპობრივად მიაწოდოს, მათ შორის 25 ერთეული 2019 წლის 25 დეკემბრამდე.

ხელშეკრულების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი.

ქართულმა მხარემ, გერმანულ კომპანიას ჩაურიცხა ავანსიც - ჯამური ღირებულების 80 პროცენტის ოდენობით: 4 მილიონ 565 ათას 110 ევრო.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული მხრიდან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, ხოლო გერმანული კომპანიის მხრიდან გაყიდვების მენეჯერი, ვილჰელმ ტიტკე და რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი, სტეფანო ლეპორალე.

რა მოხდა ხელშეკრულების გაფორმებამდე? 

თავდაპირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერი 2018 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა ღირებულებით 19 867 200.00 ლარი, 30 ერთეული სპეციალური დანიშნულების მქონე  სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის თაობაზე. 

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობა Rosenbauer Inteational AG და Magirus Gmbh. Rosenbauer Inteational AG-მა კონკურენტზე დაბალი ფასი აჩვენა - 18,767,200.00 ლარი. 

თუმცა, იმ მიზეზით რომ „Rosenbauer Inteational AG“-მ, სატენდერო წინადადების გაგზავნის ეტაპზე, დოკუმენტაცია წარმოადგინა ინგლისურ ენაზე, კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა განუსაზღვეს. ხოლო, მოგვიანებით, Rosenbauer Inteational AG“-ის დისკვალიფიკაცია მისცეს და ტენდერი ჩაშალეს. 

პირველ ეტაპზე, მისი კონკურენტის, „Magirus Gmbh“- ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი 19,467, 199.00 ლარი იყო. ეს კი, 699,999.00 ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის, „Rosenbauer Inteational AG“-ს მიერ დაფიქსირებულ ფასს (18`767`200.00 ლარს).

ამიტომ, სატენდერო კომისიამ ტენდერი თავიდან გამოაცხადა ისე რომ არც ტექნიკური მონაცემები შეუცვლია და არც ტექნიკის რაოდენობა. 

ამჯერად, „Magirus Gmbh“-მა, „Rosenbauer Inteational AG“-თან შედარებით 100 ლარით დაბალი ფასი აჩვენა და გაიმარჯვა. მას, ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 5 მილიონ 706 ათას 386 ევრო უნდა გადავუხადოთ... 


პრესა.ჯი დაინტერესდა, რამდენად ადეკვატური ფასია ერთ სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში თუნდაც 190 ათასზე მეტი ევროს გადახდა? 

მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ მსგავსი ტექნიკური მახასიათებლის მქონე სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა 179 ათას 500 ევროდ არის შესაძლებელი, რაც ამ ფოტო-მტკიცებულებითაც დასტურდება.

საინტერესოა, თუ შეგვეძლო გაცილებით იაფად გვეყიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ჯამში 300 ათას ევროზე (თითქმის მილიონი ლარი) მეტი დაგვეზოგა, რატომ გადავიხადეთ ძვირი? 

ხომ არ არის ხელშეკრულებაში ჩადებული კორუფციული ინტერესი? 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პოზიცია

თემის გასარკვევად ჩვენ დილიდან დავუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს. 

თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ „ბატონი თემური შეხვედრაზეა“. 

შემდეგ აღმოჩნდა რომ „კვლავ არ გამოსულა შეხვედრიდან ბატონი თემური“.

მოგვიანებით აგვიხსნეს რომ „კიდევ მცირე დრო“ სჭირდებოდათ იმისათვის, რათა ჩვენს მიერ გაგზავნილ უწყინარ კითხვაზე პასუხი გაეცათ. 

საბოლოოდ კი, პირველი ზარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა, ასეთი ტექსტი გამოგვიგზავნა.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვაზე და შესყიდვებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.  

2018 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული ღია ტენდერი SPA180009252 ღირებულებით 19`867`200.00 ლარი, 30 ერთეული სპეციალური დანიშნულების სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შესახებ. 

ტენდერში ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა Rosenbauer Inteational AG და Magirus Gmbh. პრეტენდენტმა Rosenbauer Inteational AG სატენდერო წინადადების ღირებულება შეადგენდა  18`767`200.00  ლარს (ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენდა 625 573 ლარს, 207 569 ევროს). 

ელექტრონული ტენდერი - SPA180009252, რომელშიც ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტმა - „Rosenbauer Inteational AG“-მ, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, დოკუმენტაცია წარმოადგინა ინგლისურ ენაზე. 

შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება დაზუსტების ეტაპის გამოყენებით, პრეტენდენტისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა სატენდერო წინადადების ქართულ ენაზე წარმოდგენისათვის. 

ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მხოლოდ ერთხელ დაზუსტების შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება, კომპანიამ ვერ გამოიყენა დაზუსტების ეტაპი და ტექნიკური დავალების არასწორად წარდგენის გამო მიიღო დისკვალიფიკაცია.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილე მომდევნო დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის, „Magirus Gmbh“- ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი 19`467`199.00 ლარი, 699`999.00 ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის, „Rosenbauer Inteational AG“-ს მიერ დაფიქსირებულ ფასს 18`767`200.00 ლარს, რაც უტოლდებოდა ერთი ერთეული სპეციალური დანიშნულების სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად -  სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტრონული ტენდერის პროცედურების შეწყვეტა.

აღნიშნული (30 ერთეული (ახალი, არა მეორადი) სპეციალური დანიშნულების სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალება) შესყიდვის შესახებ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2019 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი SPA190000727  ღირებულებით 18`767`200.00 ლარი (წინა ტენდერის ნავაჭრ ფასზე).

ელექტრონულ ტენდერში სამმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, ვაჭრობა მიმდინარეობდა სამი რაუნდი („WAWRZASZEK ISS Spółka z ograniczoną odpowiedzialnością” Spółka komandytowa - ღირებულებით 17`783`000.00 ლარი;  Rosenbauer Inteational AG  - 17`000`000.00 ლარი და Magirus Gmbh -  ღირებულებით 16`999`900.00  ლარი).

ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან Magirus Gmbh- თან 2019 წლის 4 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ღირებულებით 16 999 900 ლარი (ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენდა 566 336.00 ლარს, 190 212 ევროს)“.

P.S: აღსანიშნავია რომ ხელშეკრულებაში ღირებულების საფასური მითითებულია ევროში და არა ეროვნულ ვალუტაში, მთლიანი ფასით - 5 მილიონ 706 ათას 387 ევრო. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ შეძენილი ტექნიკის ღირებულება არა 16 მილიონ 999 ათას 900 ლარია, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოგზავნილ ვრცელ განმარტებაშია მითითებული, არამედ, 17 მილიონ 262 ათას 962 ლარი, კურსით 3.0252. სწორედ ეს კურსი იყო ხელშეკრულების დადების დღეს - 2019 წლის 2-4 აპრილს.

შესაბამისად, ვერსია რომ ვიღაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სატენდერო კომისიასა თუ უბრალოდ, მთავრობაში, დაინტერესებული იყო ტენდერში კონკრეტულ კომპანიას გაემარჯვა, ხოლო ბიუჯეტს შენაძენში რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი გადაეხადა, კიდევ უფრო მყარდება.

presa.ge