გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნერვების ომი ოკუპანტებთან - ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა სრულად წყდება

18-09-2019

ნერვების ომი ოკუპანტებთან - ჩორჩანას მიმდებარედ სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამასთანავე ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა სრულად წყდება.  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება 3 დღით პერევის გამშვებ პუნქტს კეტავს.  როგორც დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს" უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, პერევზე მიმოსვლა 18 სექტემბრის 20:00 სთ–დან , 22 სექტემბრის 06:00სთ–მდე იქნება შეწყვეტილი.

სადღეისოდ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის სულ სამი ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. მათგან ორი – „რაზდახანი“ და „სინაგური“ (ოსური სახელწოდებები) დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ თვეში დე ფაქტო საზღვარზე შექმნილი ვითარების მოტივით, „სიტუაციის ნორმალიზებამდე“ დაკეტა.  

ჩორჩანას ტყეშო ორი ოსური დროშა კვლავ ფრიალებს და კილომეტრნახევარზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტოტიაზე ოკუპანტები შემოიჭრნენ, რომლებმაც ორი საგუშაგო მნიშვნელოვან სიმაღლეზე ააგეს. ოსური მხარე კვლვ დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს მხარემ ჩორჩანას ტყეში განთავსებული პოლიციის საგუშაგო აიღოს. 

დაძაბული სიტუაციის პარალელურად დე ფატო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის,  ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროის  შესათანხმებლად ჩავიდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა, საერთაშორისო დამკვირვებლები ე.წ. საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა. 

როგორც  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „რიგი დამკვირვებლები თავს უფლებას აძლევენ, დაარღვიონ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“. 

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რიგი თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ქცევის საკითხი ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდის დროსაც დავაყენეთ, აღვნიშნეთ, რომ ისინი უკანონოდ გადადიან სოფელ წნელისის მარჯვენა განაპირა მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობის მანდატი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერი შესვლა მათი მხრიდან უკანონოა. მათი მანდატი ითვალისწინებს მუშაობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა არა საკუთრივ ამ ქვეყნებში“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

მისივე ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი წნელისთან არსებულ ვითარებას მიეძღვნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნის მიუხედავად, ოსური მხარე კვლავინდებურად ჯიუტად ირწმუნება, რომ თბილისმა ახალი საგუშაგო არა საქართველოს ცენტრალური, არამედ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა.

„ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქცარავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ჩორჩანაში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება. უკვე ორი დღეა ქართული პოლიცია მოძრაობის  წევრებს ჩორჩანას ტყეში არ უშვებს და „ამბის გამომტან ადამიანებს“ იქ გადაადგილების საშუალებას უზღუდავს. ოკუპანტები საქართველოს  პოლიციის საგუშაგოსკენ გზას ჭრიან, რათა ქართველების ბლოკპოსტი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაიტანონ. 

„ოკუპანტების მხრიდან სამუშაოები შეჩერებული არ არის. ძალიან დიდი ალბათობით საოკუპაციო ხაზის შიგნით ჩვენი საგუშაგოს მოქცევას აპირებენ. ყველა მოცემულობა ამას გვეუბნება. ის მასალები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩორჩანას ტყიდან, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მიწას თავის საგუშაგოიანად შემოღობავენ. ცდილობენ, რომ გზა გაჭრან და საოკუპაციო ხაზი ჩორჩანაში მდებარე ქართულ საგუშაგოს ზემოდან მიიყვანონ. ამით კი ჩვენს საგუშაგოს გარედან გზას გადაუჭრიან და პოლიცია იქ მისვალს ვეღარ შეძლებს. თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია, ამას რამდენიმე დღეში იზამენ“, - აცახდებს ქაცარავა „რეზონანსთან“.  

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აღშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზეა შექმნილი.

მისი თქმით, აშშ მოუწოდებს რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან.

„მოვუწოდებთ რუს და ოს მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები. ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.