12-01-2018
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია “ატუ” ჭრის. 19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული.
“19-ზე გაცილებით მეტი ხე არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს “ბათუმელებთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე. მისი თქმით, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში რეკავდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, თუმცა გარემოსდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
“მინიმუმ ხუთჯერ დავრეკე. ცხელ ხაზზე მეუბნებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გადავეცითო, მაგრამ არავინ მოსულა ადგილზე. ორჯერ ამოვიდა პოლიციის მანქანა, ალბათ აინტერესებდათ აქციის ჩატარებას ხომ არ ვაპირებდით,” – ამბობს გია აბულაძე.
ხეების ჭრაზე ნებართვა 2017 წლის 11 ნოემბერს აქვს გაცემული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
წყარო: "გურიის მოამბე"
http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27991