გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქართული ფესტივალი ამერიკაში - რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან

24-09-2019

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში წმ.ნინოს სახელობის ქართული ტაძრის სამრევლოს მიერ ტაძრის დაარსებიდან 16 წლისთავისადმი მიძღვნილი მარიამობის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს,როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები,ისე ამერიკის მოქალაქეები დაესწრნენ.

რას ნიშნავს აქ მცხოვრებ ქართველებისათვის ქართული ფესტივალის ჩატარება, როგორ და ვის მიერ ტარდება დღესასწაულები და რა ემოციასთანაა დაკავშირებული უცხო მიწაზე ქართველების შეკრება, ამას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ამერიკა-კანადის ბიუროს კორესპონდენტის, ლელა ჭელიძის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

პირველ რიგში ფესტივალის კულტურული პროგრამის ხელმძღვანელს, მალხაზ ბუზალაძეს გავესაუბრეთ:

-სასიხარულო დღე გვაქვს,ყველა სტუმარს უხარია,რომ ჩვენთან არის. იმედია კარგად ჩატარდება ყველაფერი ისე,როგორც ქართველებს და მონაწილეებს შეგვეფერება. მუსიკალური პროგრამა ცნობილი მომღერლებითაა წარმოდგენილი.

-კონკრეტულად ვინ მონაწილეობს ფესტივალში?


- ცნობილი მომღერალი გოგიტა გოგიძე, ოპერის მომღერალი ლევან აბუთიძე მეუღლესთან ლალი საბანაძესთან ერთად, თენგიზ შაუთიძე, გიორგი თორდია, ანა კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილი, ჩვენი ეკლესიის მრევლი ნინო პასიკაშვილი და სხვები. სიხარულთან ერთად ვღელავ კიდევაც,როგორც გითხარით,მინდა კარგად ჩატარდეს ფესტივალი,ისე როგორც ჩვენ შეგვეფერება.

გოგიტა გოგიძე-მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი.

-უფრო მასშტაბური რომ გახდეს ესა თუ ის ღონისძიება ვფიქრობ ცოტა მეტი პრომოუშენი ჭირდება. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კონსოლიდაციას,ურთიერთობის გამყარებას,დამეგობრებას და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როცა ეკლესიის მხრიდან ეწყობა ასეთი ღონისძიებები, იქ უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია. ყველა ქართველი უნდა დადგეს იქ, სადაც ქართული საქმე კეთდება. ასეთი ღონისძიება კარგია საზოგადოების განვითარებისათვის,ხალხი რომ არ იყოს გათიშული-განცალკავებული,რომ ერთ მუშტად შევიკრათ, რაც მეტად გვჭირდება ქართველებს დღეს. ეს არის მთავარი არსი ასეთი ღონისძიებისა. მე დღეს აქ იმიტომ ვარ,რომ ახალი სუნთქვის მიცემაში დავეხმარო ჩვენს ემიგრანტულ ყოფას და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.

-რაც შეეხება შენს ამერიკულ გეგმებს?

- მინდა, რომ ნიუ-იორკში ქართული კულტურის განვითარებაში წვლილი შევიტანი, მაქვს საინტერესო პროგრამები. გადავიღეთ კლიპი, მეორე კლიპი კი ამჟამად გადაღების პროცესშია.


თენგიზ შაუთიძე - მუსიკოსი:

-ყველაფერი კარგად მიდის,შესანიშნავი შეკრებაა. ყველას ვუსურვებდი ჯანმრთელობას, კარგად გადაგვეტანოს აქაური ყოფა და მშვიდობით დავბრუნებულიყავით საქართველოში. აქაც ვიყოთ, ყველგან ვიყოთ ქართველები და ქართული სიტყვა გვეთქვას ყველგან. მრავალ მარიამობას და მრავალ ფესტივალებს დაგვასწროს უფალმა, მისი ნებაა ყველაფერი.
აჰა,სადღეგრძელოც მოვისმინეთ ქართულად...


გიორგი პასიკაშვილი-ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,ასოცირებული პროფესორი. მარიამობის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

-დილიდან ვშრომობთ,16 წლის იუბილე გვაქვს წმ.ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებიდან. ამ ტრადიციას საფუძველი 2011 წლიდან ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის დაარსების იუბილეს. დაარსების დღე კი 28 აგვისტოა. წმ.ნინოს ეკლესია არის ჩვენთვის ის, რის გარეშეც ვერ გავძლებდით ამ ქვეყანაში. ბევრი ადამიანი დაგვაკავშირა ერთმანეთს, უამრავ ადამიანს მისცა საშუალება რწმენისაკენ, ქრისტესაკენ შემობრუნებულიყო. ამ დღეს სიხარულით ვიკრიბებით. ხალხი კმაყოფილია ერთმანეთთან შეხვედრით, უფრო მეტიც-ასეთი ურთიერთობებით ოჯახებიც შეიქმნა ჩვენს მრევლში, გავმრავლდით. ამ ყველაფერს მადლი ჩვენმა ეკლესიამ მოჰფინა

- ხშირად ტარდება ასეთი დღესასწაულები ?


- კი, საკმაოდ ხშირად. სხვადასხვა ადგილებში ვიკრიბებით. მაგალითად, სააღდგომო მარხვის შენდეგ პიკნიკებს ვაწყობთ, ასევე შემოდგომითაც.მადლიერი ვართ მამა ალექსანდრესი,რომელმაც მადლი მოჰფინა ყველაფერ ამას.


ზურაბ მოსაშვილი-პროფესორი; ამერიკაში მოქმედი ქართული რადიო „საუნჯის“ წარმომადგენელი:

-მარიამობის დღესასწაულზე ვიმყოფებით, მართალია გადაწეული ვადით,მაგრამ ამას გასასამართლებელი მიზეზი აქვს. ეს დღესასწაული იმართება სექტემბრის მეორე ან მესამე კვირას. მამა ალექსანდრე კი ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელია. ასე, რომ მოგილოცავთ ყველას.

-ხშირად ხვდებით ასეთ ღონისძიებებზე, რომელი გახსენდებათ გარდა მარიამობის ფესტივალისა?

-როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამა ალექსანდრე აკეთებს მარიამობის ფესტივალს, იმართება კიდევ ,,თბილისობა'', მცხეთობა და სხვა.

დავით ჯანყარაშვილი -ისტორიკოსი: შევიკრიბეთ მარიამობის ფესტივალზე,რომელსაც ამ დროს ვატარებთ ხოლმე წმ.ნინოს სახელობისს ქართული ეკლესიის მრევლი,მამა ალექსანდრეს თაოსნობით. დაახლოებით ათეული წელია, რაც ვიკრიბებით. ზოგადად ჩვენი, ქართველების მინუსი არის ის, რომ ყოველთვის გვიჭირდა შეკრება, ლხინშიც კი. ვუსურვებ ჩვენს ქართველებს ეროვნული შეგნების გაღრმავებას, აღვადგინოთ ძველი სამჭედლო -მებრძოლი ქართველი ქრისტიანის.აღვადგინოთ ჩვენი რწმენა და სამშობლო, გავერთიანებულიყავით!

ირმა გაჩეჩილაძე - მგალობელი:

12 წელი აქ, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში ვიგალობე, ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის ქართულ ეკლესიაში ვგალობ. ხან ერთ ტაძარში ვარ და ხან მეორეში. დღეს ტრადიციული შეკრება გვაქვს მარიამობასთან დაკავშირებით. ეს დღესასწაული არა მარტო წმ.ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლისათვის, არამედ ყველა ქართველისათვისაა, ვინც ბრუკლინში და ნიუ-იორკის გარშემოა და არა მარტო - ყველასათვის გვაქვს გულის კარი ღია. ყოველთვის ყველას ვეპატიჟებით. დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ვარ, იმიტომ, რომ ღვთისმშობლის სახელობის ქართული ეკლესიიდან გვესტუმრა ორი მამაო. მამა სპირიდონი ფოფოდიასთან ერთად და მამა ირაკლი, ასევე მგალობელი ლუიზა ცაავა. გამოდის, რომ ორი ეკლესია ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ! ეს მიხარია. ჩვენ ყველანი ერთ ქრისტეს ვემსახურებით. მართლმადიდებლური ეკლესია ქართულენოვანი იქნება, რუსული თუ ამერიკული, ეკლესია ერთია და ერთი ქრისტე გვყავს. ბედნიერი ვარ, რადგანაც მე ორივე ეკლესიის მრევლად წარმომიდგენია ჩემი თავი. ორივე ეკლესიაში შეიძლება იარონ ადამიანებმა, არც არავინ გვიშლის, ოღონდ ვილოცოთ.


ელზა აბაზაძე
 -ეკონომისტი: ყოველწელს ვიკრიბებით მარიამობის ფესტივალზე. ჩვენ, ემოგრანტებს ძალიან გვიხარია ასეთი შეკრებები, რადგან ქართული სულისკვეთებისაა. თბილისობაც არის ოქტომბრის დასაწყისში და როგორც ვიცი დღეს ქართული ღვინის ფესტივალია ფილადელფიაში.

ზაზა კიკიანი-მრევლი: ასეთი შეკრებები უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მახსოვს 1998 წელს, როცა ჩამოვედი ტეხასში ვცხოვრობდი. იქ ქართველობა ძალიან ცოტა იყო 5-6 კაცი. მახსოვს, როგორ მაკლდა ქართველობა და როგორ განვიცდიდი.

ლუკა ვასაძე-ღვთისმშობლის სახელობის ქართული ეკლესიის მგალობელი: მამა ალექსანდრეს კურთხევით შევიკრიბეთ მარიამობის აღსანიშნავად. მე მამა ალექსანდრეს სტიქაროსანი ვიყავი წმ.ნინოს ეკლესიის დაარსებიდან. სიხარულით და სიყვარულით მავსებს ეს ერთობა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ამქვეყნიური სირთულეებით, უკიდურესად დატვირთულ დროსა და სივრცეში ისე მივისწრაფვით, ვერც კი ვარკვევთ საით და ამ დროს ასეთი შეკრებებისაგან უდიდეს სიხარულს ვიღებთ.

მალხაზ თოდრია - მედავითნე: ღვთის შეწევნით და მამა ალექსანდრეს კურთხევით ყოველ წელს ვიკრიბებით. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ქართველს ვხედავ.


მაია თოდრია - მეტრაპეზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალეთ, სიამოვნებით ვაკეთებთ ყველაფერს, ვემსახურებით უფალს, ჩვენ მრევლს, მოწვეულ სტუმრებს. მიხარია, რომ ერთობა და ერთმანეთის დიდი სიყვარულია.

ამერიკელებისაკენ გავემართეთ, რომელტაგან ერთ-ერთი - ჯონათანი, ქართველების სიძე აღმოჩნდა და ქართულედ გაგვესაუბრა:

-ჯონათანი ვარ, მშვენიერ ქართველ ქალზე ვარ დაქორწინებული. ძალიან ლამაზია ყველაფერი. მომწონს ქართველები და ქართული დღესასწაულები, მიყვარს ქართული სამზარეულო. ყოველთვის რაღაც ხდება ქართველებში-სულ ზეიმი გაქვთ. დიდი სიყვარული, სითბო დაა სიამოვნებაა თქვენთან ყოფნა.

მანუჩარ კაჭახიძე-გაზეთ "მამულის" რედაქტორი:

-ხაზგასმით გამოვხატავ,უბედნიერესი ვარ აქ ბავშვებს რომ ვხედავ. ესენი იზრდებიან ქართულად და მარტო უფროსი თაობის ფესტივალი კი აღარა ეს უკვე, ყველაზე ახალგაზრდული ფესტივალია. ნახეთ ვინ მღერის, ვინ ცეკვავს, რამდენი ახალგაზრდაა წარმოდგენილი. ამ წუთს, ჩვენ ამ შეკრებებით ვდებთ დიდ მარცვალს მათ ცხოვრებაში. ბევრი მათგანი უმაღლეს თანამდებობებსაც მიაღწევს, რადგან აქ ღებულობენ განათლებას, მემუარებშიც დაწერენ, რომ ჩემი მშობლების თაობა და ჩემი თაობა ასეთ ქართულ ფესტივალებზე ვიკრიბებოდითო. ყველაფერი ეს ძალიან კარგია.

მამა სპირიდონი -ღვთისმშობლის სახელობის ქართული ეკლესიის მოძღვარი:

-ვიცი, რომ თქვენთან 28 აგვისტოს მარიამობის დღეს ჩატარდა ქართული წირვა, ხომ ეკლესიის დაარსების დღეა? ამას აღნიშნავთ და ჩვენც მოვედით აღსანიშნავად თქვენთან ერთად, შემოგიერთდდთ. ეკლესია არის სიყვარული, მეგობრობა და ერთობა. ერთი ქრისტეს სხეულია ეკლესია და ერთნი უნდა ვიყოთ.

მამა ბესარიონი(ხვისტანი) - ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მღვდელმსახური:
-ეს არის უდიდესი ღვთის მადლი, რომ 30 წლის წინათ უფლის განგებით აქ მოევლინა მამა ალექსანდრე, რომელმაც მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიიღო სულიერი განათლება, შემდეგ რუსეთში სადვორსკის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. შემდეგ მცხეთის სასულიერო სემინარიაში პედაგოგიური მოღვაწეობა, შემდეგ ღვთის განგებითა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვლენილი იქნა ამერიკაში და მოხდა ისე, რომ იგი დარჩა შტატებში. ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში სადაც მან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღო ნდობა ადგილობრივი მღვდელმთავრებისაგან და რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაუყარა ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოს და ღვთის განგებითა და მამა ალექსანდრეს უდიდესი განათლებითა და შრომით დაირწა აკვანი ქართული სამრევლოს სულიერი ცხოვრებისა. იგი დღემდე დიდი ღვაწლით უძღვება ამ დიად საქმეს მის მრავალრიცხოვან მრევლთან და გარშემო მყოფ საზოგადოებასთან ერთად. დიდი იდეები და მიზნები, რაც დასახული იყო-განხორციელდა, ხორციელდება და ბოლომდეც იქნება მიყვანილი, ვიდრე ერთი ქართველი იცხოვრებს ამერიკაში. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მათ. ათეული წლები გავიდა და ქართული წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა ამ მიწაზე, ასევე ვულოცავ მთელ ქართულ საზოგადოებას და აქ შეკრებილ კეთილმორწმუნე ხალხს. ყველას ვულოცავ. ქართველთა ერთობა და ერთსულოვნება მინდა შევავედრო უფალს. აქ პატარა ბავშვები დარბიან, ყველას უხარია და ეს სიხარული მუდმივად უნდა იყოს მათ ცხოვრებაში. რაც მთავარია არ დაივიწყონ სამშობლო და მშობლიური ენა და ყველა ის სიწმინდე, რაც ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა შემოგვინახეს.

მამა ალექსანდრე(თანდილაშვილი) - ნიუ-იორკის წმ.ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მოძღვარი:

-მარიამობის ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება. პირველად 2011 წ.სექტემბერში ჩავატარეთ. განსხვავება დიდია. პირველად 500-მდე ადამიანი იყო მოსული. წელს კი ნაკლები ხალხი მოვიდა რასაც თავისი მიზეზი აქვს:

პირველი ის, რომ დღეს დაემთხვა ქართული ღვინის ფესტივალი ფილადელფიაში და ხალხის გარკვეული რაოდენობა იქ წავიდა.

მეორე მიზეზი ჩემი ბრალია-გვიან დავჭირეთ თადარიგი, საინფორმაციო სამუშაოები არ დავიწყეთ ადრე. უნდა გაგვეცხადებინა ორი თვით ადრე და მეტი ხალხი გაიგებდა. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაფერი კარგად ჩატარდა, 200-მდე ადამიანი მოვიდა და ესეც ძალიან კარგია. დღევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია იმით, რომ 27 წლის წინ პირველი ქართული წირვა ჩავატარეთ ჯვართამაღლების დღეს 27 სექტემბერს და ამერიკის კონტინენტზე ქართული წირვის დაბადების დღეც აღვნიშნეთ.

-მამაო, რას უსურვებდით ქართველ ხალხს და ემიგრანტებს?

-ვისურვებდი, რომ საქართველოში გამოიძებნოს შესაძლებლობა, რათა ქართველი სხვაგან არ წავიდეს. უცხოეთში რომ წამოვლენ, შეიძლება კი იშოვონ იმდენი, რომ უკეთ იცხოვრონ ვიდრე საქართველოში, მაგრამ, სამაგიეროდ მოწყვეტილი ხარ ფესვებს. ჩვენ მოვდივართ და ჩვენ ადგილს სხვა ჯიშის ხალხი უცხოელები იკავებენ. ეს არ გვჭირდება. მთავრობის საქმეა და მან ხალხს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ არ გამოიქცნენ იქედან, რაც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ კეთდება. იმედია, ახალი მთავრობა მოიფიქრებს რამეს ხალხის კეთილდღეობისათვის. დავლოცავ საქართველოს და ქართველობას, ემიგრანტებს, ყველას -ისე შეიყვარონ სამშობლო და ისეთი პირობები ჰქონდეთ, რომ წასვლა არ დასჭირდეთ საქართველოდან.

ვნახეთ რა მნიშვნელობის და რა სულიერებისაა ქართული ეკლესიის არსებობა უცხო ქვეყანაში, ამის აღწერა შეუძლებელია-ეს ყველაფერია ჩვენთვის-რომლის იმედზეც ვიძინებთ და ვიღვიძებთ. ქართული ეკლესიის არსებობამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში.... ვნახეთ, რა ემოციასთანაა დაკავშირებული ქართველთა სადღესასწაულო შეკრება. დიდი სითბოთი მოვედით დღეს აქ,უცხო მიწაზე, ოკეანის ნაპირას, რათა ერთმანეთს ჩავხუტებოდით და მივფერებოდით. ბედნიერება იყო ამდენი ქართველის სიყვარულით გამთბარი თვალების ნახვა. თუმცა სიყვარულით გამთბარ გულებს სევდაც ახლავს, დიდი სევდა, რომელსაც უსაქართველობა ჰქვია...



ლელა ჭელიძე

ნიუსპრესის საინფორმაციოს წარმომადგენელი ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში