25-09-2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა და დაგმეს ოკუპირებულ რგიონებში შექმნილი ვითარება და ადგილზე მიმდინარე უკანონო ქმედებები. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით აღნიშნულ შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება, ასევე განხილული იქნა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეფექტური ქმედებების განხორციელების გზები.
„საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევაში, ასევე მოგეხსენებათ რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებები. ჩვენი მხრიდან პარტნიორების მიმართ არის თხოვნა რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იგდეს მათი რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. ვმუშაობთ ყველასთან, რათა მოიძებნოს ეფექტური საშუალებები ვითარების დასარეგულირებლად. ვისმენთ და ვითვალისწინებთ პარტნიორების რეკომენდაციებს“- განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა მხარეების მიერ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს ვერ განვიხილავთ იზოლირებულად, იმ რთული გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინების გარეშე, რაც არსებობს, მათ შორის რეგიონში რუსეთის ქმედებები. „სწორედ ამიტომ პარტნიორების მიმართ ჩვენი თხოვნა იყო რომ მოახდინონ ზემოქმედება რუსეთის ფედერაციაზე, რათა მათი მხრიდან გამოხატულ იქნას პოლიტიკური ნება და ჩვენ ვისმენთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას ეფექტური გზების გამოყენებით და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ამ მხრივ შედეგიანი იქნება“ -განაცხადა ზალკალიანმა.