გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაქარია ქუცნაშვილი: მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა

12-01-2018

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გამო თიანეთის მერიას აკრიტიკებს. მისი თქმით,  მერიის მხრიდან ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა აღმაშფოთებელია.

ამის შესახებ ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც მაცნობებენ, თიანეთში მე-11 დღეა, რაც  მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. 2 დაბისა და 80 სოფლის მოსახლე იძულებულია, თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს. ბოლო 4 წლის მანძილზე  პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის  გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ,  თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის  სამართლიან უკმაყოფილებას  გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად,  სოფლის ექიმთან ბავშვის ან მისი ოჯახის სხვა წევრის გასასინჯად მისასვლელად  და ასევე ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის იაფი  მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება.

აღმაშფოთებელია ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა. მით უმეტეს, როდესაც ხელთ გაქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენ. აღმაშფოთებელია, როდესაც თვითონ გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის  თანამშრომლებს  საშეშე მერქანს არ უგზავნიან.  თიანელები წარსულში დაბრუნებას და მით უმეტეს ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ!“- წერს ზაქარია ქუცნაშვილი  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თიანეთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა  10 დღის წინ შეჩერდა და ჯერაც არ აღდგენილა.