გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აუდიტის სამსახური: აჭარის გზების დეპარტამენტმა ტექნიკის დაქირავებისთვის უკანონოდ გაწეული ხარჯები ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს, კანონდამრღვევი თანამშრომლები კი გამოავლინოს

25-09-2019

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტისთვის მომსახურება არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი 378 328 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კომპანიებს – შპს „თურინჯს“ (ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 150,000 ლარი) და შპს „გიგა-2015“-ს (სხვადასხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 23.600 ლარი, 94.600 ლარი, 49.999 ლარი და 101.000 ლარი), მათ საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში არსებული ტექნიკით უნდა უზრუნველეყოთ მომსახურება, რომლის მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

როგორც ირკვევა, დეპარტამენტისათვის გაწეულ მომსახურებაზე მიმწოდებლს წარდგენილი აქვს დაქირავებული ტექნიკით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდილია 378 328 ლარი, თუმცა, წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი. შესაბამისად, გაურკვეველია ტექნიკის მფლობელი და ის ფიზიკური პირი, ვინც უშუალოდ განახორციელა მომსახურება.

“ტექნიკის გადატანისას არ ფიქსირდება გადაზიდვის მიზანი, დანიშნულება, გადატანილი ტექნიკის მესაკუთრე, სახელმწიფო ნომერი და დანიშნულების ადგილზე აღნიშნული ტექნიკით გაწეული მოსახურება. თვითმცლელი ავტომობილებით გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით არ არის მითითებული სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია, რომ განხორციელდა გზის მოხრეშვა, მაგრამ გაურკვეველია, როდის და გზის რომელ მონაკვეთზე. აგრეთვე, ვერ დგინდება, ვის მიერ და სად განხორციელდა ხრეშის, როგორც ბუნებრივი რესურსის, მოპოვება.”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

გარდა ამისა, დაკვნის მიხედვით, რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღი არ არის შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოს ვადებთან. ამასთან, აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებით, დეპარტამენტის მიმწოდებლებზე მათ მეიჯარეებს 2016-2017 წლებში მომსახურება არ განუხორციელებიათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს, გამოიკვლიოს ტექნიკის დაქირავებასთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის მიზეზები და უზუსტობების არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, უზრუნველყოს კანონშეუსაბამოდ გაწეული ხარჯების ბიუჯეტში დაბრუნება, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს კანონშეუსაბამობის ფაქტები, დადგინდეს გაწეული მომსახურების რეალობა, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე არ დაუშვას მომსახურების მიღება და ანაზღაურება.

droa.ge