16-01-2018
დე ფაქტო აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა გასული არასრული წლის მონეტარული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე განთავსდა. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დეკემბრის მდგომარეობით საბანკო სისტემის ანგარიშზე შევიდა: 25 586 მილიონი რუსული რუბლი, 27,6 მილიონი აშშ დოლარი და 6,5 მილიონი ევრო. რუსულ რუბლში შემოსულობების ძირითადი ნაწილი მოდის შემდეგზე: სავაჭრო მეწარმეობა - 34,6%, ფიზიკური პირების მიერ ფულადი საშუალებების გადარიცხვის ოპერაციები -16,8%; მოქალაქეების ანგარიშები, რომლებიც სამეწარმეო აქტივობებს იურიდიული პირის სტატუსის გარეშე ახორციელებენ -12,1%; საგადასახადო მომსახურების აღსრულება - 5,0%; ფიზიკური პირების ანგარიშები - 4,6%; ფიზიკური პირების დეპოზიტები - 4,3%; ფიზიკურ პირებისთვის უცხოური ვალუტის მიყიდვა - 3,6%; ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტების დაფარვა - 2,1%. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაღდი ფულის შემოსავალი შეადგენდა: რუსულ რუბლში - 100,4%; აშშ დოლარში - 101,1%; ევროში - 203,1%.