გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეგრელოში საუკეთესო ხაჭაპური გორელებმა გამოაცხეს

22-10-2019

ხაჭაპურის ფესტივალზე საუკეთესო ხაჭაპური გორელებმა გამოაცხეს. ერთ-ერთ ნომინაციაში ,,საუკეთესო ხაჭაპური" პრიზი გორში მდებარე რესტორნის, ,,შინ და გორის" თანამშრომლებმა მოიპოვეს.

ხაჭაპურის ფესტივალი 2019 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა. ის წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. 

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი. ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს. ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“
მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა
საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი
ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“
ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (სასტუმრო ,,გარდენ პალასი“)
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან
მომავლის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელ ლევან წულაიასთან ერთად საქართველოში პირველი ხაჭაპურის ფესტივალი გახსნეს.

,,ხაჭაპურისა და გასტრონომიის ფესტივალი ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის გამოძახილი გასტრონომიული ტურიზმის იმ უნიკალური შესაძლებლობებისა, რაც საქართველოს გააჩნია. ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დამატებით ინიციატივას წარმოადგენდა ასევე კულინარიული წიგნის - „კოლხური ტაბლას“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულინარიული აკადემიისა და USAID „ზრდას“ მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანს ქართული ტრადიციული გასტრონომიის პოპულარიზაცია და საქართველოში გასტრო-ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

ღონისძიების მხარდამჭერები - ბახმარო, რადიო ათინათი და ადგილობრივი სასტუმროები - „ლეთო“, „გარდენ პალასი“, „იბერია“, Anaklia Resorts Pratap's Signature, „კასა დე ხასია“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.facebook.com/pg/SZSDMO; https://www.facebook.com/events/522099688523492/

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარება და აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის მიმართულებების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის). დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.facebook.com/pg/SZSDMO

"შიდა ქართლი"