22-10-2019
,,წეღან ექიმებთან მქონდა შეხვედრა. ასეთი რაღაც მითხრეს, პედაგოგებს აქვთ დაზღვევა, ისეთ ადამიანებს აქვთ უფასო დაზღვევა, ვისაც ვემსახურებითო, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს დაზღვევაო, ეგ რანაირი რა არისო?" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გორში, ფერმერებთან გამართული შეხვედრის დროს.
მისი თქმით, საქართველოში რეფორმები ზოგჯერ ისეთი სწრაფი ტემპით ხორციელდება, სიჩქარით გარკვეული საკითხები ყურადღების მიღმა რჩება.
,,მართლაც ასეა. სხვებს ჰქონდეთ დაზღვევა და სასწრაფოს ექიმებს არა? ასეა თქვენთანაც. ძალიან ბევრს გეხმარებათ სახელმწიფო, უამრავი პროგრამები არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ყველაფერში გავრკვეულიყავი. უამრავი პროგრამა არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ რატომღაც ერთმანეთს ვერ ავსებს. ამიტომ, სახელმწიფო მოგეხმარებათ იქ, სადაც დახმარება გჭირდებათ." - უთხრა პრემიერმა ფერმერებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლში, 19 ოქტომბერს იმყოფებოდა. ის ჯერ პედაგოგებს, შემდეგ
ექიმებს შეხვდა.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი, მსხვილი სოციალური ჯგუფების განვითარება, მათი ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის პირობები, როგორიც არის პედაგოგიკა, მედიცინა და სამართალდამცავი სისტემა. ამას მარტივი ახსნა აქვს. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ვალდებულებები. იყო პატარა ჩამორჩენები, თუმცა ჩემზე უკეთესად იცით, სახელმწიფომ სამედიცინო სფეროში რამხელა რესურსები და ძალისხმევა მიმართა. აქ ვართ იმისთვის, რომ პირველ რიგში პროფესიულ ნაწილზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ღიად, მწვავედ და კრიტიკულად. ეს შეხვედრები, დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სისტემასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.