18-01-2018
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები.
სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანთა დეპარტამენტში გაიმართა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დამსახურება და თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
"წლების მერე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შესწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და მთლიანობას. საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდი იყო უაღრესად მძიმე, იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ამისათვის მზად არ იყო სახელმწიფო, მაგრამ მზად იყო ჩვენი ერი, მზად იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატრიოტული სულისკვეთებით წავიდნენ სამშობლოს დასაცავად. მათ ზურგს არ უმაგრებდნენ არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც არავითარი სისტემა, მაგრამ ყველაზე ძლიერი რაც იყო, რაც აერთიანებდათ ამ ადამიანებს ეს იყო ქვეყნის სიყვარული", - განაცხადა მარგველაშვილმა.
„მარგველაშვილის განცხადებით, ამ მებრძოლების მაგალითზე, შეიქმნა სულ უფრო დახვეწილი და ძლიერი არმია, რომელთა მაგალითზე ვზრდით ჩვენი შეიარაღებული ძალების ახალ თაობას.
"მათ მაგალითზე მინდა, რომ გაიზარდოს მომავალი თაობა საქართველოსი, მომავალი თაობა ქართველებისა, არა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოდით, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ერის ასეთი სიყვარული გამაერთიანებელი და ბევრი გამარჯვების მომტანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ოჯახს მათ ძმებსა და დებს, ქმრებს, შვილებს, იმ ღვაწლისთვის, რაც მათ გაიღეს დღევანდელი საქართველოს შესაქმნელად. მათი გმირობა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი და სიძლიერეა.
გაზეთი "რეზონანსი"