გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა გარიგება შედგა დავით კირკიტაძესა და სააკაშვილს შორის?

31-10-2019

თურმე რა მომხდარა - ნაციონალური მოძრაობის წევრები რომ ამბობდნენ, ჯერ რეგიონებში შეხვედრები არ იგეგმება, გაზაფხულიდან გავქტიურდებითო და ჩვენ საპირისპიროს ვამტკიცებდით, ჩვენი ნათქვამი გამართლდა. ამოვა ახლა რომან(ა) გოცირიძე და იტყვის, არ დაუჯეროთ „ალიასო“ და სინამდვილეში კიდევ...

მოკლედ, ჩვენს მიერ დაანონსებული და ნაციონალების მიერ უარყოფილი შეხვედრები დაიწყო და პარტიის ლიდერები სოფლებს მოედვნენ. რაც ჩვენც გაგვიკვირდა, ის გახლავთ, რომ კვლავ გააქტიურდა დავით კირკიტაძე. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რის გამო დაბრუნდა დათო პარტიაში (დაჭერის, თანაგუნდელებისგან მიტოვებისა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კირკიტაძე ნაცმოს ლიდერებზე ძალიან გაბრაზებული იყო), მაგრამ ფაქტია, რომ შეხვედრებში ისიც აქტიურად არის ჩართული. ოპოზიციის ლიდერები ამომრჩეველს ძირითადად ქვეყანაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე ესაუბრებიან, ახსენებენ, როგორი კარგი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს და მთავარ აქცენტს ეროვნული ვალუტის კურსზე აკეთებენ. ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ლარი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ნებისმიერი ოჯახის შემოსავლის გაზრდას, რადგან ლარით უფრო მეტი დოლარის ყიდვა გახდება შესაძლებელი და როგორც ჩანს, 2020 წლისთვის, ნაციონალების მთავარი დაპირებაც სწორედ ეს იქნება - ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნება. პარალელურად, ნაციონალები ცდილობენ მოსახლეობას თავი არ დაავიწყონ და თან სიტუაცია დაზვერონ - რამდენად აგრესიულია მათ მიმართ ხალხი. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ნაციონალები ზოგიერთი სოფლიდან ლამის ქვის სროლით გამოყარეს და მართალია, მაშინ ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდა, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ხელისუფლების როლი დიდი ნამდვილად არ იყო და ეს განწყობა წინა წლების გამოა მოსახლეობაში შექმნილი. ჰო, კირკიტაძე ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ პარტიაში დაბრუნებამდე მას პირადად ესაუბრა (რამდენჯერმე) მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არც ერთი არ ამბობს, კონკრეტულად რა თემას შეეხო საუბარი. ერთ რამ ფაქტია, კირკიტაძემ სერიოზული დაპირება მიიღო და ეჭვი გვაქვს, ეს დაპირება საპარლამენტო არჩევნების დროს, კირკიტაძის მოწინავე ათეულში ჩაწერაა.

 

 

ახლა ექსკლუზივი - ჩვენი ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოსა“ და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო გარიგება შედგა. მართალია, ამ თემაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ, მაგრამ არა ისე დეტალურად, როგორც ჩვენ მოგიყვებით და იმასაც გეტყვით, რაში დასჭირდა ხელისუფლებას გარიგება კონკრეტულად „ევროპულ საქართველოსთან“. მოკლედ, 2020 წლის არჩევნებში, ყველანაირი დათვლითა და გათვლით, ერთი მანდატისთვის საკმარისი იქნება 0.67 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც აიღებს 8.01%-ს, პარლამენტში შეიყვანს 12 კაცს და მშვიდად გააკეთებს 2 ფრაქციას, ანუ ექნება რამდენიმე პოლიტიკური თანამდებობა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ხელისუფლება აპირებს 60%-ზე მეტი ხმის აღებას და ეს მეტი ზუსტად იმდენია, 100 მანდატს პირდაპირ რომ ეყოს და მივიღებთ რეალობას, რომლის მიხედვითაც, 12-კაციანი ოპოზიცია შესაძლოა უმცირესობად ჩამოყალიბდეს. 1%-იანი პარტიები პარლამენტში თითო კაცს შეიყვანენ, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს დააკლებს როგორც ხმას, ისე მანდატებს. ჰოდა, უმცირესობის სტატუსისა და 2 ფრაქციის სანაცვლოდ, „ევროპული საქართველო“ მზად არის, ნოემბერში... პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს.

 

 

„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერც ივანიშვილმა და ვერც პარტიის სხვა ლიდერებმა, ვერ მოახერხეს მაჟორიტარების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია. მაჟორიტარები ამბობენ, რომ არ არსებობს ოპოზიციური მუხტი, არ არსებობს ძალა, რომელიც ქუჩაში ხალხს გამოიყვანს, ამიტომ, ჩააგდებენ კანონპროექტს და დარჩება ისე, როგორც არის. ეს კი მაჟორიტარებს შანსს აძლევს, რეგიონებში კვლავ იყარონ კენჭი და არ იჭიდაონ სიებზე. მართალია, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბევრმა თავი დაიქნია, თუმცა მათი ნდობა ძალიან ძნელია და ამიტომ, გარანტირებული რომ ჰქონდეთ კანონპროექტის გასვლა, დასჭირდებათ „ევროპული საქართველოს“ ხმები, სანაცვლოდ კი ისინი მიიღებენ იმას, რაც თავში გითხარით - ორ ფრაქციას მომავალ პარლამენტში“, - გვეუბნება ჩვენი წყარო.

 

 

ექსკლუზიურად იმასაც გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას იმ სახით, რომელი სახითაც აღნიშნული კანონპროექტი დამუშავებულია. საუბარია ნულოვან ბარიერზე და გადაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის უპირატესად გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ესეც იცის და აჯანყებული ნაციონალები, პლუს უკმაყოფილო მაჟორიტარები, ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ჩავარდეს. პარალელურად, ბოიკოტის შემდეგ, ნაციონალებს მუდმივად ექნებათ მიზეზი მარცხი არა საკუთარ თავს, არამედ ცუდ კანონს დააბრალონ და მთავარ კონკურენტს, „ევროპულ საქართველოს“ წამოაყვედრონ, რომ მათგან განსხვავებით, აღნიშნული კანონისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

 

 

ჰო, ხელისუფლებას ყოფილი თანაგუნდელების იმედიც აქვს. ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და სხვები აუცილებლად დაუჭერენ მხარს ნულოვან ბარიერს, რამეთუ სხვა შემთხვევაში, მათ ახლადშექმნილ პარტიას, პარლამენტში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება, ისე კი, 0.67% ბევრი ნამდვილად არ არის და ეს ბარიერი შესაძლოა ათამდე პარტიამ გადალახოს. მოკლედ, ამ ნულოვან ბარიერს, მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, მინუს ნაციონალური მოძრაობა.

alia