დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ თეთრიწყაროს საკრებულომ 2018 წლის 17 იანვარს მიიღო, მისი ამოქმედება კი 18 იანვრიდან მოხდა.
მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის გოჩა თედორაძისთანამდებობრივი სარგო, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 2650 ლარს შეადგენდა, 3600 ლარამდე გაიზარდა.
2100 ლარიდან 2700 ლარამდე გაიზარდა მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოები, მერის კიდევ ორი მოადგილის ანაზღაურება კი 2000 ლარის ნაცვლად 2500 ლარი იქნება.
1900 ლარის ნაცვლად, თვეში 2400 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, 1500 ლარს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები.
1600 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა მერიის სამსახურის უფროსების სარგო, განყოფილების უფროსებისა კი 1200 ლარის ნაცვლად 1600 ლარი გახდა.
რაც შეეხება რიგით მოხელეებს, მათი ყოველთვიური სარგო, რანგირების შესაბამისად, 700-დან 1000 ლარამდე ფარგლებში იქნება.
საშტატო ნუსხის შესაბამისად, დღეისათვის თეთრიწყაროს მერიაში 74, საკრებულოში კი 31 საჯარო მოსამსახურე მუშაობს. მათ შორის, 33 პოლიტიკური თანამდებობის პირია.