9-11-2019
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მიცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას“ - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.
მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი. „როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“ - ამბობს ეკატერინა ხვედელიძე.
მისი თქმით, ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.
„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში უკვე ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე“ - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.
მისი თქმით, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.
„იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა. დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება, თუნდაც ხელოვნული ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მიცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეს სიახლე„- განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.
ამასთან მისი თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიმზიდველია ტერიტორიული თვალსაზრისითაც.
„სადღაც საათნახევარში, ერთ საათში ზღვასთან შეგიძლია იყო. ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“ - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.