9-11-2019
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს არის უპრეცენდენტო ქველმოქმედება განათლების სფეროში როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან გაცხადებულია, რომ პროექტის ბიუჯეტი მილიარდი ევროა“ – ასე გამოეხმაურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით ხორციელდება საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომლის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება.
„ეს პროექტი არის სრულად საქველმოქმედო, უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ანუ ყველანი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები. მას დააფინანსებს ივანიშვილების ოჯახი და ფონდი „ქართუ“ მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების კუთხით. ჩვენ აშენების შემდეგაც გავაგრძელებთ უნივერსიტეტის დაფინანსებას“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
მისი თქმით, დაგეგმილია გრანდიოზული კამპუსის აგება, რაც უკვე მიმდინარეობს.
„ერთდროულად ათზე მეტი შენობა შენდება. ადგილზე იქნება ადრონული თერაპიის ცენტრი, რაც არა მხოლოდ სწავლის, არამედ კვლევის შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მკვლევარებს და მეცნიერებს. რაც მთავარია, ადრონული თერაპიის ცენტრი არის ძალიან სერიოზული ონკოლოგიის მკურნალობის მხრივ, რომელიც ისეთ სერვისებს შესთავაზებს პაციენტებს, რაც აქამდე არ არსებობდა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ამ მხრივ ეს უნიკალური პროექტია“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ამ ყველაფრით ხაზი ესმევა ფონდი „ქართუს“ როლს ქვეყნის განვითარებაში.
„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით „ქართუ“ იქაა, სადაც უჭირს სახელმწიფოს და ვცდილობთ ამ პროექტებში გვერდში დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.