14-11-2019
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“.
მოსმენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ლეხ ვალენსა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი), თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააჟღერა.
„იმისათვის, რათა ვისაუბროთ ნატო-ს ალიანსში შემავალი ქვეყნების მმართველობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ქვეყნებისათვის გაცემული დანაპირები, რომ მათ მიერ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში ნატო-ში გავაწევრიანებთ. ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც ერთი კვირა ვიყავი. გასაოცარი იყო როცა ვნახე ოკუპაციის პირობებში მყოფი მეგობარი - აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას, მათ შორის მიმდინარე ბორდერიზაციასთან და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გატაცებებთან გამკლავებას. საქართველო განაგრძობს განამტკიცოს სასამართლო სისტემა, მედია, მმართველობა, რათა მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლის შედეგადაც აღსრულდება ნატო-ს მიერ საქართველოსადმი გაცემული დანაპირები. თუმცა, ნატო-ში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც შიშობს არ გააღიზიანოს რუსეთი. სასაცილოდაც კი არ მყოფნის იმის გააზრება, თითქოს ნატო-ს ალიანსს ეშინია იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ალიანსის საერთო ეკონომიკის 1/30-ედს წარმოადგენს“ - საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას აღნიშნა ბ-ნმა კინზინგერმა.
„ვიზიარებ კონგრესმენი კინზინგერის ძალიან დადებით პათოსს - ჩვენ უნდა გვიხაროდეს. ეს მოხდა 30 წლის წინ, როცა ბერლინის კედელი დაინგრა. მე იმ ასაკის გახლავართ, რომ ეს მახსოვდეს - კედელი თითქოს მუდმივად უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად, შეგუებულნი უნდა ვყოფილიყავით ამას. რა გასაოცარი ამბავია, რომ მოხდა კედლის დანგრევა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს განმეცადა. როგორც თქვენ აღნიშნეთ - საქართველოს რესპუბლიკა. ვინ წარმოიდგენდა ამას - მე გახლდით გორში, სტალინის დაბადების ადგილას. დრო ასე სასიკეთოდ შეიცვალა. დღეს, საქართველო აშშ-ის დიდი მეგობარია - მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაყოფი ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანას. ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ასეთი ჩინებული მოკავშირეა“ - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საერთაშორისო ტერორიზმის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი).