გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

15-11-2019

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

როგორც ექსპერტი წერს, სტატისტიკა დროს ფეხს უწყობს.

„2019 წლის 15 ნოემბერს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოაწყო პრეზენტაცია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან დაკავშირებით.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტი - სტატისტიკოსთა კოლექტივის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგი, სცილდება ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი, უწყების ინტერესთა და რეპუტაციის სფეროს და ის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - ის სისტემაა, რომელსაც ეყრდნობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველი სახელმწიფოს მაკროეკონომიკური, სექტორალური თუ დარგობრივი საქმიანობის შედეგების ამსახველი ინდიკატორები. მისი მეშვეობით ყალიბდება რიცხვები, მონაცემები, რომლებიც შემდეგ ხდება, პოლიტიკოსებიდან დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, დასკვნების, შეფასებებისა და მოქმედების მნიშვნელოვანი საფუძველი. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გავიმეორებ: არასწორ და არასრულ ინფორმაციას ყველაზე მოკლე გზით მივყავართ არასწორ დასკვნებამდე და არარაციონალურ მოქმედებებამდე, რომლის საზღაური რეალური მასშტაბების დადგენა შემდეგ საკმაოდ ძნელი ხდება.

ეროვნულ ანგარიშთა ბოლო მეთოდოლოგია, აღნიშნული სისტემის შემოღების შემდეგ რიგით მეოთხეა (SNA 2008). წინა მეთოდოლოგიები მიღებული იქნა, შესაბამისად, 1953, 1968 და 1993 წლებში და ისინი პასუხობდნენ იმ რეალიებს, გამოწვევებს, რომლებიც განვითარების იმ ეტაპზე წარმოიქმნებოდნენ ეკონომიკაში.

ანალოგიურად, ამჟამინდელი, მეოთხე რედაქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპის ამსახველი პროცესის ადეკვატურია. ის ითვალისწინებს ეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშების ახალ მონაცემებს, ახალ წყაროებსა და ახალ წესებს. საქართველოს საგარეო ეკონომიკური კავშირები მოითხოვენ ინფორმაცის იმ სტანდარტებითა და ფორმატით წარმოებას, რომლებითაც აპელირებენ საერთაშორისო მასშტაბით. აუცილებელია ქვეყნის ზუსტი პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, შესაბამისი სტრატეგიისა და ეფექტიანი პოლიტიკის საწარმოებლად. თანაც, აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველომ მოაწერა ხელი.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, ხოლო ეროვნულ ანგარიშთა ხსენებული სისტემა მხოლოდ 80-ს აქვს, ქართველ სტატისტიკოსთა ძალისხმევას, რომელშიც მათ დანიელი, უნგრელი და ლიეტუველი და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

გაანგარიშების მეთოდიკის ამჟამინდელი დაზუსტება უკავშირდება იმ ფინანსური ოპერაციების დაზუსტებულ და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით უნიფიცირებულ, ერთნაირი წესით გაანგარიშების აუცილებლობას, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი როლის შეასრულეს: ა) ფინანსური ოპერაციების, კერძოდ, საფინანსო შუამავლობის განხორციელების; ბ) ჩრდილოვანი (დაუკვირვებადი) ეკონომიკის მასშტაბების და გ) საცხოვრისის პირობითი რენტის განსაზღვრაში.

რას იძლევა ახალი მეთოდოლოგია? მოკლედ თუ ვიტყვით - უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკაზე, მის მთლიან შიგა პროდუქტზე და ამ უკანასკნელის ცალკეულ კომპონენტებზე. სხვა ქვეყნების ანალოგიურად, სადაც ახალმა მეთოდოლოგიამ ამ ქვეყნების ფაქტობრივი, მანამდე ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მშპ მნიშვნელოვნად გაზარდა (ნიდერლანდებში - 7.6%-ით, შვეიცარიაში - 5.9%-ით, სომხეთში - 6.6%-ით, მოლდოვაში - 18.8%-ით და ა.შ. ), საქართველოშიც მშპ გაიზარდა, მათ შორის ბოლო, 2018 წლის - დაახლოებით 8.6%-ით - 44,6 მილიარდ ლარამდე, ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული 41,1 მილიარდი ლარისა. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშების ახალ სტანდარტზე გადასვლამ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ გაზარდა 376 აშშ დოლარით (8.7%-ით), რომელმაც ვალუტის ოფიციალური კურსით 4722 აშშ დოლარს მიაღწია. გაიზარდა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპიც - ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 4.7%-სა 2018 წელს ახალი მეთოდოლოგიით დაფიქსირდა მივიღეთ 4.8%.

ახალმა მეთოდიკამ შეცვალა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურაც: რამდენადმე შემცირდა მრეწველობისა და ვაჭრობის წონები, ხოლო გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის წილები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავისი საქმიანობით, წესით და ფორმატით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სტანდარტებთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუციაა. ის ფეხს უწყობს აღრიცხვის თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ბურთი ახლა უკვე სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებზეა, რომლებსაც მაგალითად უკვე აქვთ ინფორმაციით სარგებლობის, გამოყენებისა და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთების ევროპული გამოცდილება.

ცნობისთვის, საქსტატი დღეიდან ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.