15-11-2019
საზოგადოებას უნდა შევუსრულოთ დანაპირები - აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდება მისთვის მოულოდნელი იყო.
"მე პროპორციულ საარჩევნო სისტემას მივეცი ხმა. 2017 წლიდან ამ საარჩევნო სისტემას ვუჭერდი მხარს, სამწუხაროდ, ჩემგან მოულოდნელად ვერ გავიდა საკანონმდებლო ცვლილებები, ამას არ ველოდით. ვფიქრობ, ნაჩქარევი არის გადაწყვეტილება, თუ შესაძლებელი იქნება კიდევ ერთხელ გამოტანა ამ კანონპროექტის, უნდა შევუსრულოთ საზოგადოებას ის დანაპირები, რაც მივეცით, უნდა შევასრულოთ"-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამოტანილი კანონპროექტი ვერ გავიდა, რასაც დეპუტატების და საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა. ახალ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის დაპირება მმართველმა ძალამ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა.